ბათუმში მყოფმა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არსებობს დიდი ინტერესი, რომლის გამო გარკვეულმა ძალებმა უზრუნველყვეს ის, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ:
„დავანებოთ ყველანაირ სუბიექტურ შეფასებას და მარტივი მოცემულობა წარმოვიდგინოთ: შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი უმსხვილესი ბანკი და მისი რეპუტაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. არსებობს რაღაც სხვა დიდი ინტერესი. მთელი ბავშვობა, მთელ შეგნებული ცხოვრება ხომ ყველას გვესმოდა, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა არის ყველაზე მაღალი რეპუტაციის რომელშიც ეჭვიც არ შეაქვთ და ეს სისტემაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც, როგორც ჩანს, უფრო მაღალ ინტერესზე სხვა ინტერესი დააყენა“.
ჟურნალისტების კითხვას მდინარაძის მოსაზრებით ვის შეეძლო ამის გაკეთება, დეპუტატმა უპასუხა, რომ პერსონიფიცირება შეუძლებელია და უბრალოდ არსებობენ ასეთი ძალები: „სახელს და გვარს ნუ მკითხავთ, უბრალოდ არ მიიღებთ პასუხს. მოდი ვაღიაროთ რომ ეს არ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას", ხო წარმოუდგენელია?! „ნაციონალურ მოძრაობის" არ შეუძლია ამ მასშტაბის ლობირება, მაგრამ არსებობენ ძალები და უფრო მეტ კონკრეტიკას მე არ ვაპირებ. მაგრამ ყველა ხვდება, რომ არსებობენ ძალები რომლებიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი აყენებენ ეჭვის ქვეშ. მე როცა ამ ძალებზე ვსაუბრობ, ვერიდები მეტ კონკრეტიკას“.
იურიდიულმა ფირმამ „ემ-ქეი-დი“, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან Credit Suisse-თან საქართველოს ექსპრემიერის ურთიერთობის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, პრესრელიზი გამოაქვეყნა.
„ემ-ქეი-დი“ უკმაყოფილოა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით.
ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.
"ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, - წერს ღარიბაშვილი.
ის ამბობს, მისთვის პირადად შეურაცხმყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.