თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება დახუროს სასამართლო სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ უკავშირდება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა სოსო გოგაშვილის დაკავება და რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. პროკურორის განცხადებითვე, საქმეში მოთავსებულია გრიფიტ საიდუმლო მასალები:
„მასალები დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან. გარდა ამისა, მასალებში მოთავსებულია პირადი მონაცემები, რომლებზეც უნდა ვისაუბრეთ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე და ასევე პირადი საიდუმლოს ამსახველი მონაცემები. ამდენად, ამის საჯარო პროცესზე განხილვა და ამასთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი ბრალდების მხარეს არ მიაჩნია მიზანშეწონილად და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი იძლევა სწორედ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთ შემთხვევებში სრულად მოხდეს პროცესის დახურვა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, ბრალდებებს შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვის საქმე.
ადვოკატის ცნობითვე, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოტანას.
რაც შეეხება მესამე ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას, ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლ იარაღზე.