Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ უარი თქვა რუსულ გაზზე


ფოტო არქივიდან: ლატვიის ინჩუკალნსის გაზსაცავი
ფოტო არქივიდან: ლატვიის ინჩუკალნსის გაზსაცავი

ლატვიის სეიმმა შეცვალა ენერგეტიკის კანონი და რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი აკრძალა. პარლამენტის მიერ 14 ივლისს, საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რუსული გაზის იმპორტი 2023 წლის 1 იანვრიდან იკრძალება.

კანონის ახალი ვარიანტი ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას და სტრატეგიული მარაგის შექმნას. ყოველი წლის არაუგვიანეს 31 აგვისტოსი, ინჩუკალნსის მიწისქვეშა საცავი შევსებული უნდა იყოს გაზის მარაგით, რომელიც უზრუნველყოფს მოხმარებას იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე, რუსული გაზის იმპორტზე უარი თქვა ლატვიის მთავრობამ. ეს არის ლატვიის რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.

2022 წლის აპრილში, რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარი თქვა ლიეტუვამ. ის ევროკავშირის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული გაზი აკრძალა.

უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირის სახელმწიფოებისგან ითხოვს უარი თქვან რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რომელსაც კიევი მიიჩნევს ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარ წყაროდ. ამჟამად ევროკავშირი ამზადებს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეშვიდე პაკეტს. ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსულ გაზს სანქციები ვერ შეეხება, რადგან ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.

ჩეხეთის პრემიერის თქმით, სანქციებს უფრო დიდი გავლენა რუსეთზე უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც სანქციებს აწესებენ, ბევრი სახელმწიფო კი, ისევ რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორისაა ჩეხეთიც. ფიალას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მაგრამ ეს ამ ზამთრისთვის ვერ მოხერხდება.

XS
SM
MD
LG