Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნია სახალხო დამცველსა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავს


გიორგი გაბუნია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი გაბუნია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია, სპეციალური განცხადებით ეხმაურება 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით, ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადების ჩანაწერს, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული.

აღწერის თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის, ეკა სარიას, ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანის და ლაშა კვესელაძის ლაპარაკი.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ჩანაწერი „მთავარი არხის“ ოფისში, სამუშაო ოთახში, 2021 წლის ნოემბერშია გაკეთებული. ის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულიცაა.

გიორგი გაბუნია აბსურდს უწოდებს გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ახდენენ მოვლენების ფაბრიკაციას. მისი თქმით, ერთადერთი დანაშაული, რაც ფარული ჩანაწერის გავრცელებით ვლინდება, ეს არის ის, რომ დღეს ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს საკუთარ ოფისებში უსმენენ:

„რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა, როგორც, თავის დროზე, მაგალითად, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. ხომ ნათელია ყველასთვის, რომ ჩვენი საუბრის მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი. წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში.

იმ ისტორიის, რომელიც „უცნობმა“ გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა, თუ როგორ მივიდა თურმე მასთან სინდისისგან შეწუხებული პიროვნება და გადასცა ჩანაწერი, რომელიც ასე, უბრალოდ, საკუთარი ნებით ჩაწერა, რომელსაც ნოემბრიდან აქამდე ინახავდა, რადგან გასული წლის ნოემბერში შედგა ის საუბარი, რომელიც მოისმინეთ და ახლა უცებ რატომღაც ვეღარ აიტანა ამდენი და გადაწყვიტა მასალის გია გაჩეჩილაძისთვის გადაცემა. ამ ისტორიის რომ არავის სჯერა, დარწმუნებული ვარ. ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და ცალკე გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედიასაშუალების, „იმედის“ პირდაპირ ეთერში, რითაც სხვა მიზნებთან ერთად, ვითომ ჩვენი, კრიტიკული მედიის მხილებას შეეცადნენ. სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან და ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.

ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი ვიყავი. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი. განსაკუთრებით, მაგალითისთვის გეტყვით, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს, შემდეგ ხმამაღალი ფხიკინი ისმის და შემდეგ თითქოს მე ვაგრძელებ თემას. აქ, მაგალითად, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის მონტაჟი.

ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ჩვენს მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას ვგეგმავთ. წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ ეკრანზე და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე და პლიუს შეგნებულად იტყუებიან“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოუწოდებს სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, უცხოელ დიპლომატებს, დაინტერესდნენ „მთავარ არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით და სწორედ მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება, რადგან გიორგი გაბუნიას თქმით, საქართველოში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო.

„დანაშაული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქ მხოლოდ ერთ ფაქტშია, რომ საქართველოში ტოტალური უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს ისევ. სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა. საკუთარ დანაშაულს არ გამოიძიებენ. გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, როგორც ეს მოხდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ან ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გასაჯაროების შემდეგ. ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი ისედაც არ აქვს.

მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, აუცილებლად დაინტერესდით „მთავარ არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ამ ფაქტით. თქვენს გარდა, ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ვენდოთ. ჩვენო ადგილობრივო, ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას საქართველოში. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ, როგორც რუსეთში. ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ, ისევე, როგორც რუსეთში და პარალელურად, მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. "ქართულ ოცნებას" ვეტყვი, ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, ეთერშიც და ეთერს მიღმაც“.

13 ივლისს, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა"), „მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კი განაცხადა, რომ კრიტიკული ტელევიზიების თანამშრომლები „დილაობით იკრიბებიან და ბჭობენ იმისთვის, „ვის რა მოუგონონ და შეუთითხნონ“:

გია გაჩეჩილაძე, "უცნობი"
გია გაჩეჩილაძე, "უცნობი"

„თავისით დგამენ რაღაც კომბინაციას და მერე ჩვენ ამას ვუყურებთ ყველა შაბათ-კვირას. ამ სამ ტელევიზიაში გადაანაწილებენ, ეს ნოდარ მელაძის გადაცემა იქნება, გიორგი თარგამაძის თუ გაბუნიას გადაცემა. რესპონდენტები, რომლებიც მათ უნდათ რომ ჩაწერონ და ვინც არ ეწერება, მათ აშანტაჟებენ, თუ არ ჩამეწერები შენზე ესა და ეს მაქვს, სუსიდან მოწოდებული ინფორმაცია და გამოვამზეურებო. შესაბამისად, ზოგი შანტაჟდება, ზოგი - არა. მთელი შინაარსი ის არის, რომ ამ ტელევიზიების მუშაობის სტილმა ამდენი წლის განმავლობაში არ დააწყნარა და არ დაამშვიდა ეს ქვეყანა. იმას მუშაობენ, როგორ მოთხვარონ სხვა ადამიანის ცხოვრება და როგორ ამოაგდონ ის თავის დღის წესრიგიდან. ზოგს ამით ინსულტი ემართება, ზოგი კვდება, ზოგი საავადმყოფოში ხვდება. დღეს გადაცემის შემდეგ მოვიკითხე, ნეტა, თვითონ რა კომენტარებს აკეთებენ-მეთქი და თურმე ამბობენ, გვისმენენო. ამით აღიარებენ, რომ ასე იქცევიან. კი არ გისმენენ, თქვენივე ტელეფონიდან არის ეს გამოტანილი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი მუშაობის სტილი ხომ ეს არის?! ამაზე არ იძახით არაფერს, ასე მუშაობთ თუ არა?! მეგონა, იტყოდნენ, რომ ეს დამონტაჟებულია, მაგრამ არა, ეს აღიარეს, რომ თავად არიან და ასე მუშაობენ, უბრალოდ, თურმე, უსმენენ“.

14 ივლისს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG