Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კიდევ სამი ბელარუსი მოხალისე დაიღუპა, წერს ფეისბუკში სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი


ფრანაკ ვიაჩორკა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩეველი
ფრანაკ ვიაჩორკა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩეველი

ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკისთან ბრძოლაში, რომელზეც რუსმა სამხედროებმა ივლისის დასაწყისში დააწესეს კონტროლი, კიდევ სამი ბელარუსი მოხალისე დაიღუპა. ამის შესახებ ცნობა თავის ფეისბუკის გვერდზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსმა მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ გამოაქვეყნა.

"თავზარდამცემი ცნობა მაქვს. კიდევ სამი ბელარუსი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა ლისიჩანსკის მახლობლად გამართულ ბრძოლაში: ვასილ ჰრუდოვიკ ("ატამანი"), ვასილ პარფიანკოუ ("სიაბრა") და ულადზიმ შატროუ ("პაპიკი"). მშვიდობით, ჩვენო გმირებო", - წერს სოციალურ ქსელში ფრანაკ ვიაჩორკა, რომლის თანახმად ერთ-ერთი დაღუპული, ვასილ პარფიანკოუ ყოფილი პოლიტპატიმარი ყოფილა.

უფრო ადრე ასევე ფრანაკ ვიაჩორკამ გაავრცელა ცნობა უკრაინაში, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში, კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუს მოხალისეთა ბატალიონ „ვოლატის“ მეთაურის, ივან („ბრესტი“) მარჩუკის, დაღუპვის შესახებ.

პირველად ლისიჩანსკთან ბელარუსი მოხალისეების დაღუპვის შესახებ ცნობა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2 ივლისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე გაავრცელა. ივან „ბრესტის“ შესახებ ლუკაშენკას არაფერი უთქვამს, მაგრამ ახსენა კალინოვსკის სახელობის ბატალიონი და მისი მებრძოლები, რომლებსაც „ბელარუსის სახელმწიფოს მტრები“ უწოდა.

„სულ რამდენიმე დღის წინ ასეთი ფაქტი მოხდა. თქვენ იცით, რომ იქ, უკრაინაში, უკვე იმყოფება ჩვენი გაქცეულებისა და სხვებისგან შემდგარი კალინოვსკის სახელობის ბატალიონი, ახლა უკვე პოლკი. ნუ, როგორც იყო 67 კაცი, თუ რამდენი კაცი, ასეც დარჩა. მაგრამ ბატალიონი კარგად არ ჟღერს, ამიტომ დროის შესაფერისად პოლკი დაირქვეს. რუსეთის არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. ატყდა ბრძოლა. და მოცოცხეს უკრაინელებთან ერთად. რამდენიმე ათეული ჩვენი გაქცეული და უკრაინელი იყო. ჩვენი კალინოვსკის პოლკიდან 20 კაცი ადგილზე დარჩა. მე ეს არ მიხარია, ისინიც ხომ ბელარუსები არიან. თუმცა ესენი არა უბრალოდ მოწინააღმდეგეები, არამედ ბელარუსის სახელმწიფოს მტრები არიან. წავიდნენ აქედან უკრაინის დასაცავად, რაც მთავარია, იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ და შემდეგ აქ ეომათ“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

მაგრამ ვისაც ალიაქსანდრ ლუკაშენკა „მტრებს“ უწოდებს, გმირები არიან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომლის ბრძანებითაც მაღალი სახელმწიფო ჯილდოებით - „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „უკრაინა უპირველეს ყოვლისა“ - კასტუს კალინოვსკის სახელობის ქვედანაყოფის ექვსი მებრძოლი დაჯილდოვდა.

ლისიჩანსკისთან დაღუპული 4 ბელარუსი მოხალისის ჩათვლით, 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, უკრაინისათვის ბრძოლაში სულ 10 ბელარუსი მოხალისე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG