მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები ისევ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას უერთდებიან. გადაწყვეტილება მათ მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.
"ორგანიზებულად, როგორც მოვედით, შეგვიძლია ავიდეთ და დიდ აქციას, რომელიც პარლამენტთან გრძელდება, შევუერთდეთ. დანარჩენს, როცა იქ ავბრძანდებით, ერთად გავიგებთ", - თქვა მშვენიერაძემ.
დღეს, 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
დაახლოებით 22:30 საათისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია "ქართული ოცნების" ოფისისკენ ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.
მათ იქ ათეულობით პოლიციელი დახვდა, რომლებსაც "ქართული ოცნების" ოფისისთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული.
რუსთაველის გამზირზე აქცია კი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გრძელდება. ერთ-ერთი გეგმა, რომელიც სახალხო მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გააცნო აქციის მონაწილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადანაცვლებაა.
ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.