საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის, "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართავს, ეს ღამე იქ გაათენონ. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.
"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ, აი, ხვალ დილით, ხომ არის ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ აქ დილამდე, გავათენოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს.
შეგიქმნით ყველა კომპფორტს, რომ თქვენი აქ ყოფნა ღამე იყოს მაქსიმალურად გადასატანი. მაგრამ, მგონი, შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.