მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს, 3 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში მათთვის მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელის შეშლისა და ძალადობის გამო.
„თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობის თანახმად, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მოქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, „სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა“.
"შინ ევროპისკენ" მოუწოდებს მმართველ პარტიას, „შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“. მოძრაობის წევრები მიმართავენ პოლიციელებს, „უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები“.
3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.
- სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
- ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
- 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
- ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისსაც გაიმართა.
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი. მისი სიტყვებით, დემოკრატია ასე არ მუშაობს.
- 27 ივნისს პატია "ლელომ" განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის მოთხოვნილი ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო" მიიჩნევს: „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".
- 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
.