Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ხდება, რომ მოსამართლე კობახიძემ "სუსის ფაილებში" მოხვედრის გამო იჩივლა


მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, რომელიც 2021 წლის სექტემბერში მედიებისთვის გაგზავნილ ე.წ. სუსის ფაილებში ფიგურირებს, პროკურატურაში გამოძიების დაწყება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ინფორმაცია მედიისთვის დღეს, 29 ივნისს, გახდა ცნობილი. იგი ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა.

"რადგანაც იქ გაჟღერებული იყო ინფორმაცია კონკრეტული კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მეც შემეხებოდა, რომლის შინაარსსაც, სიტყვა-სიტყვით რაც არის გადმოცემული, არ ვადასტურებ, მაგრამ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, გამოძიებულიყო. მოწმის სახითაც დავიკითხე თვეების წინ. შარშან სექტემბერში გავრცელდა ჩანაწერები და რაღაცა პერიოდის შემდეგ მივმართე, კონკრეტული თარიღი არ მახსოვს", - უთხრა მანანა კობახიძემ რადიო თავისუფლებას.

კობახიძე ამ ფაილებში პრეზერვატივ "აიისას" საქმესთან კომუნიკაციის ეპიზოდით მოხვდა. ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს ის შემადგენლობა განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მოსამართლეც თავად მანანა კობახიძეა. საქმის მიმართ ინტერესი აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსაც - ჩანაწერებში ფიგურირებს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა გიორგი ზვიადაძე.

"სიტყვა-სიტყვით იმ შინაარსის საუბარი არ შემდგარა... ერთი, რაც მახსოვს, მამა გიორგიმ იკითხა Amicus curiae-ის ("სასამართლოს მეგობრის") უფლება თუ ჰქონდა, რომ კონკრეტულ საქმეზე შემოეტანა დასკვნა... ამ საქმეზე რაიმე დეტალები, რა შინაარსის უნდა ყოფილიყო ან ჩემი განწყობები, ან ჩემი პოზიცია, არის აბსურდი და გამორიცხული. რაიმე უკანონო კომუნიკაცია არ ყოფილა", - ამბობს კობახიძე.

ფრაგმენტი ე.წ. სუსის ფაილებიდან
ფრაგმენტი ე.წ. სუსის ფაილებიდან

მანანა კობახიძის კომუნიკაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერთან, გიორგი ზვიადაძეთან, გავრცელებულ ფაილებში კი ასეა აღწერილი:

"პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს აცნობა, რომ საპატრიარქო თვალს ადევნებს პრეზერვატივ „აიისას" საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამასთან, დაუშვებლად მიიჩნევს მასზე წმინდანებად შერაცხული დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის გამოსახვას და დაინტერესებულია, როგორ დაიცვას ეკლესიამ საკუთარი პოზიცია. მ.კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს".

მანანა კობახიძე რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ კომუნიკაცია მამა გიორგი ზვიადაძესთან "სასამართლოს მეგობრის" უფლების გამოყენების საკითხზე ნამდვილად ჰქონდა. ეს გავრცელებულ ჩანაწერებში ასეა ასახული:

"მ.კობახიძემ გ.ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. „სასამართლო მეგობრის" სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პროტოპრესვიტერმა მ.კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა".

ამ ჩანაწერების გავრცელების გამო, "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ", რომელიც "აიისას" ინტერესებს იცავს სასამართლოში, მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება მოითხოვა, რადგან მიიჩნია, რომ არსებობდა "საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით".

ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 2021 წლის 4 მარტს გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ე.წ. სუსის ფაილების მიხედვით, კობახიძესა და ზვიადაძეს შორის საუბარი კი 2021 წლის 7 თებერვალს ან უფრო ადრე შედგა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე საქართველოს პროკურატურასთან კომუნიკაციას ცდილობს.

XS
SM
MD
LG