Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის სამიტზე მადრიდში, 29 ივნისი, 2022 წელი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის სამიტზე მადრიდში, 29 ივნისი, 2022 წელი

ნატოს წევრი სახელმწიფოები უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს და დასძინა, რომ მოსკოვი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტის მეორე დღეს - რომელზეც, როგორც მოელიან, მიიღებენ ალიანსისთვის მნიშვნელოვან ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს - სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრები იკრიბებიან "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას, რომლის წინაშეც ვმდგარვართ", და დასძინა - "ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის, ტრანსფორმაციის მომტანი სამიტი".

"მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო შეთანხმდება შეკავების მექანიზმებზე, შესაძლებლობაზე, უფრო მეტი საბრძოლო დანაყოფი იყოს დისლოცირებული და მომავალი წლისთვის უფრო დიდი რაოდენობით აღჭურვილობა განთავსდეს აღმოსავლეთ ევროპაში.

სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ სწრაფად მოხდება რატიფიკაცია ნატოში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებისა - მას მერე, რაც თურქეთმა მოხსნა თავისი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ამ ორი სახელმწიფოს შესვლაზე ალიანსში.

"სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთს და ფინეთს წევრებად მოვიწვევთ, რაც უპრეცედენტოდ სწრაფად ხდება", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG