უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
28 ივნისის დილის მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი. 36 დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმას ტერაქტი უწოდა. ზელენსკის განცხადებით, ეს იყო არა შეცდომა, არამედ რუსეთის მიერ გათვლილი ქმედება.
“დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასეს. გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში, 27 ივნისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყველა დამნაშავე პასუხს აგებენ.
კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის გამო დღეს, 28 ივნისს სხდომას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭო.