Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: ლოგიკურია, რომ პროტესტს უპარტიო, აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში


გიგა ბოკერია, პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე
გიგა ბოკერია, პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ლოგიკურია, როცა სამოქალაქო პროტესტს სათავეში პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მის კომენტარში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების მონაწილეობით კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დროებითი მთავრობის შექმნა თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

"რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს. "ევროპული საქართველო" სწორედ ამაზეა ფოკუსირებული და აფართოებს იმ მოქალაქეების რაოდენობას, ვინც მზადაა ივანიშვილს ძალაუფლება ჯიუტი პროტესტით დაათმობინოს", - განაცხადა ბოკერიამ.

გუშინ, 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპაში" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

ამ მოთხოვნას უერთდება ოპოზიციური პარტია "დროაც".

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

იმის შესახებ, რომ აქცია გუშინ, 24 ივნისს გაიმართებოდა, ორგანიზატორებმა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამოაცხადეს, როცა არავინ იცოდა ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. 20 ივნისს აქციის ორგანიზატორები, "სირცხვილიას" ლიდერები ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების გაგების შემდეგ იტყოდნენ, რა გეგმა და მოთხოვნები აქვთ.

XS
SM
MD
LG