პოლიტიკური პარტია "დროა" უერთდება სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპაში" მოთხოვნას მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ. პარტიის პოზიცია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე გააჟღერა.
"დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც გუშინ სახალხო მოძრაობისგან მოვისმინეთ და სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ. ეს არის პირველი ნაბიჯი - მოთხოვნა ხელისუფლების, მთლიანად მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი მთავრობა და ქვეყანა", - თქვა ხოშტარიამ.
გუშინ, 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპაში" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
იმის შესახებ, რომ აქცია გუშინ, 24 ივნისს გაიმართებოდა, ორგანიზატორებმა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამოაცხადეს, როცა არავინ იცოდა ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. 20 ივნისს აქციის ორგანიზატორები, "სირცხვილიას" ლიდერები ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების გაგების შემდეგ იტყოდნენ, რა გეგმა და მოთხოვნები აქვთ.