Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-ლუი ტრენტინიანი - კაცი სარკით


„კონფორმისტი“ (1970, იტალია, რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი)

17 ივნისს ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა - მსახიობი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ერთი ჩავარდნაც კი არ ჰქონია თავის კარიერაში - არც კინოში და, როგორც ამბობენ, არც თეატრში. შემთხვევით არ გადაიღო იგი კშიშტოფ კიშლოვსკიმ სამფერა ტრილოგიის ბოლო ფილმში „წითელი“... ღმერთის როლში. დიახ, მოსამართლეს კი ასახიერებს, მაგრამ ფაქტობრივად დემიურგია, რომლესაც რეჟისორთან ერთად შეუძლია მართოს ადამიანები - აპოკალიფსის დროსაც კი ცოცხალი დატოვოს ის, ვინც უყვარს.

ასი კაცთან ერთად რომ გამოჩნდეს კადრში, მაყურებელი პირველ რიგში მას მიაქცევს ყურადღებას. არადა, ტანმორჩილია, თითქოს თავის თავში ჩაკეტილი, ზედმეტად თავმდაბალიც კი. ალბათ იმიტომ, რომ წარმოუდგენლად პირდაპირი მზერა აქვს, რომელიც მაშინაც კი, როცა ზურგით დგას, მაყურებლისკენაა მიმართული. ეს მზერაც არასდროსაა სტაბილური. თითქოს არტისტობაში განხორციელდა მისი ოცნება - ჯერ ავტომრბოლობას აპირებდა, მერე პოეტობას. ტრენტინიანის სტიქია მოძრაობაა. თავის ერთ-ერთ ბოლო როლში, მიჰაელ ჰანეკეს ფილმში „ჰეპი-ენდი“ მისი პერსონაჟი თვითმკვლელობასაც კი წარმოგვიდგენს, როგორც პროცესს, როგორც „სასპენსს“, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთები უნდა გაუხალისოს მოხუცს. თუმცა ტრენტინიანის ამ „აურის“ სიძლიერეს მხოლოდ მზერის დინამიკა და პლასტიკა არ განსაზღვრავს. მისი პერსონაჟები არათუ მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან მაყურებელთან (კამერასთან!), მათ თითქოს ხელში უჭირავთ სარკე, რომელშიც ჩვენ გვახედებენ. ასე დაანახვა მან მთელ მსოფლიოს თავისი ანარეკლი ბერნარდო ბერტოლუჩის შედევრში „კონფორმისტი“.

დიახ, არსებითად მთელ მსოფლიოს. თვით საბჭოთა კავშირსაც კი, სადაც „კონფორმისტი“ დღემდე ლიდერია - არცერთი ფილმი ისე არ დაუმახინჯებია ცენზურას, როგორც ბერტოლუჩის ეს სურათი. „კონფორმისტი“ წარმოუდგენელი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა; ჯერ ერთი, საოპერატორო ხელოვნების ეს შედევრი, ვიტორიო სტორაროს შესანიშნავი ნამუშევარი (ხაზგასმულად სტილიზებული კადრებით), რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოდაც მივიჩნიოთ ნებისმიერი ოპერატორისთვის, ეკონომიის მიზნით შავ-თეთრ ფირზე გადაბეჭდეს. მეორეც, ფილმი ახლებურად დამონტაჟდა („გადამონტაჟდა“) - „წინა“ და „უკანა“ მოსკოვში საკუთარი სურვილით გადააადგილეს. მეტიც, ფილმიდან ამოიღეს ყველაზე საკვანძო ეპიზოდი, რომელიც მთელ ფილმს ხსნიდა - ამ ამოჭრილი სცენის გარეშე საბჭოთა მაყურებელი უბრალოდ ვერ ხვდებოდა, თუ რამ განაპირობა ტრენტინიანის გმირის, მარჩელო კლერიჩის ავადმყოფური კონფორმიზმი, რატომაა ასეთი მხდალი და ნევროტიკი. არადა, დატოვეს ფინალი, რომელიც მუსოლინის რეჟიმის დაცემას ასახავს; კლერიჩის ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ხიფათი ემუქრება. თავის გადარჩენის მიზნით ქუჩაში გამოდის და ანტიფაშისტებს უერთდება. მოულოდნელად დაინახავს ადამიანს, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მისი ბედი, მისი მომავალი განსაზღვრა. „ლინო? დაიჭირეთ ეს კაცი. ეს ფაშისტია!“ - ყვირის კლერიჩი. სწორედ ლინოს უკავშირდება ფილმიდან საგანგებოდ ამოღებული სცენა - ბავშვობაში მარჩელოს ეს ლინო შეიტყუებს და შეაცდენს. მარჩელო დარწმუნებულია, რომ მოკლა მოძალადე. იმის შიშით, რომ მისი დანაშაული გაიხსნება და, რაც მთავარია, საკუთარი თავის შიშით, მარჩელო ეკვრება „ყველაზე ძლიერებს“, „ყველაზე ვაჟკაცურებს“ - იტალიელ ფაშისტებს. სწორედ ამ ხალხში გრძნობს თავს დაცულად, სწორედ ეს ხალხი უმაგრებს ზურგს და ავიწყებს ბავშვობის ტრავმას.

ალბერტო მორავია, რომლის ნაწარმოების ეკრანიზაციაა ბერტოლუჩის ფილმი, აღფრთოვანებული გამოეხმაურა მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორის შედევრს, აღნიშნა რა, რომ ბერტოლუჩიმ ძალიან კარგად გაიგო ნაწარმოების ტექსტი, არ გადაიღო მხოლოდ და მხოლოდ ანტიფაშისტური ფილმი, ანდა ფაშიზმის მხოლოდ ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაცია (რასაც მოგვიანებით გააკეთებს ლილიანა კავანი თავის „ღამის პორტიეში“). ბერნარდო ბერტოლუჩი კონფორმიზმის სოციალურ, პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ არსში ჩაწვდომას ცდილობს, ამიტომაცაა ეს სურათი უკვდავი და სწორედ ამიტომაა, რომ ტრენტინიანის გმირში ბევრი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იცნობს საკუთარ თავს.

დღეს უკვე კინემატოგრაფიულ კლასიკად ითვლება ეპიზოდი გზატკეცილზე და ტყეში, სადაც მარჩელო ფაშისტების დავალებას ასრულებს. ტრენტინიანის გმირი მანქანაში ზის და ცდილობს თავისი სახე დამალოს (დაგვიმალოს!), პისტოლეტის ხმაზე კი სკამიდან წამოხტება და თვალს ხუჭავს. სროლის ხმის ეშინია - ეს ხმა ხომ ბავშვობის ყველაზე საზარელ ტრავმას ახსენებს. ჩვენ ყველას გვეშინია ამ ხმის, რადგან მეტისმეტად ბევრი გამოვცადეთ უკვე. გვეშინია სროლის და ამიტომაცაა ასე ადვილი ჩვენი დამორჩილება. არა, „ომი“ არც მარჩელოს უნდოდა. ის ოცნებობდა ეცხოვრა თავის პატარა საპყრობილეში სულელ ცოლთან ერთად, თავისთვის, უხმაუროდ... მაგრამ მაინც მიაკითხა ისტორიამ - პირადმა ისტორიამ და ისტორიამ ხალხისა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად საპყრობილეში ცხოვრებას დიდხანს ვერ ეგუება.

ბერტოლუჩის ფილმში პოლიტიკური რეჟიმები იცვლება. ის, ვინც ადვილად მოერგო ერთ რეჟიმს, იმავე ხერხებით - დაბეზღებით, საკუთარ თავზე უარის თქმით, ფეხს დგამს მეორე რეჟიმში. ხელისუფლებას მორჩილი ხალხი უყვარს. ხელისუფლებამ იცის, რომ ამ ნევროტიკებს შეიძლება შეუქმნა კომფორტის ილუზია, სულ პატარა „სამყოფელი“ მიუგდო და იგი უმალვე დამორჩილდება. ეს ადამიანები თავისუფლებას ვერ ეგუებიან, არ შეუძლიათ, ვინმეს არ ემსახურონ, რადგანაც უხილავი თუ ხილული ბატონები მათ აირწინაღს სთავაზობენ ერთგულების ფასად. თავისუფალ სუნთქვას გადაჩვეულ კონფორმისტებს ამ აირწინაღის დანახვაზე თვალები უბრწყინდებათ, თავისუფალი ხალხი კი სძულთ და ებრძვიან მათ.

სტუდენტობის ხანაში მარჩელოს მასწავლებლის, პროფესორი კუადრის არცერთი ლექცია არ გამოუტოვებია. გულის სიღრმეში მას სძულდა ყველანაირი ძალადობა. მით უმეტეს, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ ახლა, როცა ხელახლა შეხვდა პარიზში კუადრის, მარჩელო მზადაა გაანადგუროს კაცი, რომელმაც ოდესღაც თავისუფლების სიყვარული ასწავლა. მასწავლებელმა სწორედ იმ სარკეში ჩაახედა, რომელსაც ტრენტინიანი - ასე ოსტატურად რომ ემიჯნება თავის გმირს და მუდმივად ინარჩუნებს დისტანციას - ჩვენკენ, მაყურებლისკენ მოატრიალებს და თვალებში შეგვხედავს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG