Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინათლე გვირაბის ბოლოს


ორი თვალსაზრისი არსებობს ამ კვირის ამბავზე, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იღებენ და რომ საქართველო, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში, იღებს მომავალში კლუბში გაწევრიანების პერსპექტივას.

ერთია ცინიკური თვალსაზრისი. და, შესაძლებელია, მან იმძლავროს. ამ სკოლის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის გასული კვირის რეკომენდაცია და მიმდინარე კვირაში ევროკავშირის 27 წევრის ლიდერების მიერ მისი მოწონება მეტად სიმბოლურია, ისტორიულიც კი. მაგრამ, დასძენენ ისინი, მომავალში ამას დიდი პრაქტიკული სარგებელი არ ექნება და რეალურად არაფერს შეცვლის.

როგორიც უნდა იყოს მათი სტატუსი ქაღალდზე, ტრიოს მომავალშიც მოუწევს ბრძოლა კრემლის მხრიდან როგორც უშუალო, ისე ფარული საფრთხეების წინააღმდეგ მაშინ, როცა ისინი ცდილობენ, უფრო დაუახლოვდნენ დასავლეთის ინსტიტუტებს და თავი დააღწიონ კრემლის გავლენის სფეროს. უკრაინაში ეს ამჟამად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ნიშნავს - როგორც მოქალაქეების, ისე თავად ქვეყნისთვის. და არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ უახლოეს მომავალში იგივე არ გადახდებათ საქართველოსა და მოლდოვას.

მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ევროკავშირის კანდიდატთა ახალგამომცხვარი სტატუსის პირობებშიც არ დაეხმარება მათ ევროკავშირი, თუკი მოსკოვი უფრო მეტად ჩარევას გადაწყვეტს. დიახ, იქნება ფინანსური და სამხედრო დახმარება და იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მაგრამ ევროკავშირის მოქალაქეები თავს არ გაწირავენ ტრიოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირის მოქალაქეები შეიძლება მალე დაიქანცონ მზარდი ინფლაციითა და სურსათისა და საწვავის მაღალი ფასებით, რაც უკრაინაში ომმა მოიტანა. მოსკოვს სწორედ ამის იმედი აქვს და შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს, როცა ზამთარი დადგება.

და კიდევ არის ის, რომ ტრიოს წლები, თუ არა ათწლეულები, დასჭირდება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყოველი ეს ქვეყანა უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის წევრობის დასავლეთ ბალკანელი მოსურნეები, რომლებიც კუს ნაბიჯებით მიიწევენ ბრიუსელისკენ. ყველას უწევს ბრძოლა კორუფციასთან, სასამართლოს გაუმართაობასთან და გაყინულ (ან ძალიან ცხელ) კონფლიქტებთან.

გარდა ამისა, არც კი შევხებივართ იმას, რომ ევროკავშირს ფაქტობრივად არ სურს გაფართოება. ესაა იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ მიუღია ახალი წევრები 2013 წელს ხორვატიის მიღების შემდეგ და სავარაუდოდ არც გააკეთებს ამას უახლოეს მომავალში. ბევრს, განსაკუთრებით უფრო მდიდარ დასავლეთ ევროპაში, ურჩევნია გააღრმაონ ინტეგრაცია ევროკავშირის შიგნით და მეტი ფული დაახარჯონ საკუთარ მოქალაქეებს, ვიდრე ბევრად უფრო ღარიბ ახალბედებს.

და მაინც არსებობს ამ კვირაში მომხდარის უფრო დამაჯერებელი და ერთგვარად უფრო იდეალისტური წაკითხვა. მის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელიც ოდესმე მიღებულა არა მხოლოდ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპის კავშირისთვისაც.

მრავალი თვალსაზრისით ეს აცოცხლებს „ერაზმუსისა“ და „შენგენის“ თაობების იმედებს, რომელთა წევრი მეც ვიყავი.

ეს თაობა ჩამოყალიბდა იმ ეიფორიის პირობებში, რომელიც ბელინის კედლის დაცემას მოჰყვა. ჩვენთვის საზღვრები იქცა უბრალოდ ხელოვნურ ხაზებად ევროპის რუკაზე. ჩვენ EasyJet-ისა და Ryanair-ის იაფი რეისებით დავფრინავდით მთელს ევროკავშირში და ვხვდებოდით სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს, რომლებიც გაცვლის პროგრამებით უცხოეთში სწავლისას გავიცანით.

ჩვენ გავხდით მოწმენი, როგორ შეიქმნა ევროპის ახალი საერთო ვალუტა, კვლავ როგორ სუნთქავდა ევროპა ორივე ფილტვით, როცა კლუბში გაერთიანდა 11 ქვეყანა, რომლებიც წინათ საბჭოთა კავშირს, ვარშავის პაქტს ან იუგოსლავიას ეკუთვნოდნენ.

მაშინ ოცნებებით შეპყრობილმა ჯერ კიდევ 2005 წელს დავწერე საბაკალავრო ნაშრომი იმის შესახებ, როგორ გადალახეს პოლონეთმა და გერმანიამ მრავალსაუკუნოვანი მტრობა, რამაც ორივე ქვეყანას და მათ მოქალაქეებს საშუალება მისცა, ევაჭრათ, წესებზე შეთანხმებულიყვნენ, ბევრად უფრო მეტად ემოგზაურათ ერთმანეთის ქვეყნებში ახალ პირობებში, როცა ორივე ერთი მშვიდობიანი პოლიტიკური კავშირის წევრი იყო. თუკი შეიძლებოდა ეს სასწაული მომხდარიყო იქ, სადაც წინათ ამდენი სისხლი და უნდობლობა სუფევდა, განა შესაძლებელი იყო ევროკავშირის შეკავება?

მომდევნო წელს დავწერე კიდევ უფრო რთული სამაგისტრო დისერტაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ ევროკავშირი მარადიულად გაფართოებულიყო. ჩემი აზრით, ავსტრალიაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო წევრი თავისი ევროპულად აქცენტირებული კულტურით. შემდეგ კი თამამად ვიწინასწარმეტყველე ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის დასასრული, როცა დაახლოებით 2050 წლისთვის ორივე გახდებოდა ევროკავშირის წევრი.

ბრიუსელში მსგავსი იდეალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური იარაღი იყო ის, რომ „გვირაბის ბოლოს სინათლე დაგვენახვებინა.“ სხვებისთვის პერსპექტივის მინიჭება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებდნენ ევროკავშირის დედაქალაქში ჩვენთან ერთად ყოფნას, საკმარის სტიმული უნდა ყოფილიყო მომავლისკენ მჭვრეტელი ევროპელებისთვის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში (და რატომაც არა თურქეთსა და რუსეთში!?) საიმისოდ, რომ გაეტარებინათ ყველა საჭირო რეფორმა და გამხდარიყვნენ ნაწილი უდიდესი სამშვიდობო პროექტისა, რომელიც კი ოდესმე ჩაუფიქრებია ვინმეს.

რეალობა ყოველთვის ძლიერ დარტყმებს აყენებს ხოლმე იდეალისტებს და ჩვენთვის ეს განსაკუთრებით სასტიკი გამოღვიძება იყო. ფინანსურმა კრიზისმა კინაღამ გახლიჩა ევროზონა და ჩრდილოეთი და სამხრეთი საშინელ დაპირისპირებებში მოაქცია, რაც ჯერაც არ მოშუშებულა.

ამის შემდეგ მიგრაციასთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, რომ კვლავაც არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფართო ნაპრალი, რაც კიდევ უფრო ფართოვდება კანონის უზენაესობის სფეროში სხვადასხვა ნაკლოვანების გამო.

უცებ მეტი ხმა გაისმა იმის შესახებ, საერთოდ სწორი იყო თუ არა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება. მერე დიდი ბრიტანეთი წავიდა და კავშირი დარჩა პოლიტიკურად დასუსტებული, საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული და ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერის გარეშე.

ყველა ამ ძლიერი დარტყმისას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველნი ყველგან შეურაცხყოფილნი და იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ ბრიუსელის საკუთარ თავზე ზედმეტად კონცენტრირების გამო. კომფორტის საფარველი, რომელსაც დაჰპირდნენ 2003 წელს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 90-იანი წლების საშინელებების გადასალახად, სინამდვილეში არასოდეს მიუნიჭებიათ. ბოსნია არაქმედუნარიანი დარჩა, კოსოვო ჯერაც აუღიარებელ ობლად, მთელი რეგიონი კი ნაციონალიზმსა და გაწბილებაში ჩაეფლო.

ასევე საქართველოსა და უკრაინაში იყო ვარდებისა და ნარინჯისფერი მამაცი რევოლუციები, იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმა, ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია, დონბასის ომი და პროევროპული მთავრობების აღზევება და დაცემა მოლდოვაში. ევროკავშირი კი დიდად არ ცდილობდა მათთვის ხელის გაწვდენას. დიახ, სავიზო ლიბერალიზაცია მიღწეულ იქნა, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებებს, რომლებშიც ბრიუსელის მიერ აღიარებულია ტრიოს „ევროპული მისწრაფებები“. მაგრამ ეს იყო და ეს. ასე იყო დღემდე. მართალია, ამისთვის საჭირო იყო სასტიკი ომი და ათასობით დაღუპული. მაგრამ ბრიუსელმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა ის ფაქტი, რომ ადამიანები იბრძვიან და კვდებიან იდეალებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ძვირფასი იდეალებია. მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა, ეს ჯერაც არის კავშირი, რომელშიც მეტ ევროპელს სურს მონაწილეობა. მათთვის ბოლოს და ბოლოს აინთო სინათლე გვირაბის ბოლოს. და გამობრძმედილ ცინიკოსსაც კი არ შეუძლია მისი ჩაქრობა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG