ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, დღეს 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო.
ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადები გაწევრიანების შესახებ:
- ევროპული საბჭო აღიარებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.
- ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას.
- ევროკომისიას ვიწვევთ მოხსენებით წარსდგეს საბჭოს წინაშე ევროკომისიის მოსაზრებებში დასახელებული პირობების შესრულების შესახებ, გაწევრიანების შესაბამის განაცხადებთან დაკავშირებით, გაფართოების რეგულარული პაკეტის ფარგლებში. საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როდესაც ყველა ეს პირობა სრულად შესრულდება.
- ევროპული საბჭო მზადაა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს მას შემდეგ, რაც გადაიჭრება საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში დასახელებული პრიორიტეტული საკითხები.
- თითოეული ქვეყნის წინსვლა ევროკავშირისკენ დამოკიდებული იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე და ევროკავშირის შესაძლებლობაზე, მიიღოს ახალი წევრები.
"გადავყწვიტეთ კანდიდატის სტატუსი მივცეთ საქართველოს როცა ევროპული კომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც გამოვიდნენ.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.
17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.
"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.
ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.