საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 20 ივნისის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი ტრიბუნიდან მან განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი თვე, ის პერიოდი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის მიცემული მითითებების შესრულება მოუწევს, რთული იქნება.
"ძვირფასებო, ჩვენ გველოდება ძალიან რთული ექვსი თვე. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ჩვენ უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - "საქართველო ოლიგარქის გარეშე".
ეს ხალხის სიმრავლე მიუთითებს ერთ რამეს, ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა. როდესაც ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ხელისუფლება დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ლეგიტიმაცია გადადის ხალხში. ლეგიტიმაცია არის დღეს აქ", - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს. დღეს, 20 ივნისს, აქცია „გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.
ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრება.