მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თუ ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია არ გაასაჯაროებს ინფორმაციას მისი ოჯახის მიერ რუსეთიდან მიღებულ შემოსავლებზე, საქმით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
„თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვიან რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ შემთხვევა გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ხოშტარია „აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში“.
„რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ, როცა საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია, საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არ აქვს მორალური უფლება, რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს“.
ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას შემოსავლების წარმომავლობა საჯარო განხილვისა და პოლიტიკური თავდასხმის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ამ თემას რეპორტაჟი მიუძღვნა ხელისუფლებისადმი ლოიალურმა ტელეკომპანია „იმედმა“.
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია, როგორც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, 25 წელია, ჰონორარს იღებს რუსეთიდან. მისი თქმით, ეს უკავშირდება სპექტაკლებს, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იდგმება.