Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე სააკაშვილზე: მსოფლიოს თვალწინ იღუპება, არ შევეგუოთ ამას


პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშლის მოადგილე მალგორჟატა გოშიევსკა
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშლის მოადგილე მალგორჟატა გოშიევსკა

საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშლის მოადგილემ მალგორჟატა გოშიევსკამ საკუთარ სიტყვაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა. მისი თქმით, ბარბაროსობაა, როცა მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.

"საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ სამედიცინო კვლევა. ასევე, შეუძლებელია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მიიღოს მკურნალობა საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან.

ძვირფასო ქალბატონებო და და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. არ შევეგუოთ ამას", - თქვა მალგორჟატა გოშიევსკამ.

მან თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენებზეც.

"ეს, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული - არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებას, მაგრამ ახლა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, ადამიანობაზე გავამახვილებ ყურადღებას", - თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა "ვივამედში. ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მას ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.

XS
SM
MD
LG