Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო


შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა (არაოფიციალურმა პრემიერ-მინისტრმა) ნიკოლა სტერჯენმა სამშაბათს ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის შესახებ.

შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებითდამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც წარმოდგენილია სახელმწიფოს რეფორმირების გეგმა. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროაახალი შოტლანდიისასაშენებლად - კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონისშემდეგ.

ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი გადაწყდა 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს.

მაშინ შოტლანდიის მოსახლეობის 55%-მა კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას. რეფერენდუმი ჩატარდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე, შოტლანდიელი ნაციონალისტები დარწმუნებული არიან, რომ ბრექსიტის შემდეგ რეფერენდუმის შედეგი კარდინალურად განსხვავებული იქნებოდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი შოტლანდიის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია. მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი ემხრობა ახალი რეფერენდუმის გამართვას, როგორც მეტყველებს მაისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა. ამის შესახებ გაზეთი The Scotsman- იტყობინებოდა.

XS
SM
MD
LG