Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ


ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს შეეხო. გეგმებზე საუბრისას მან თქვა, რომ საქართველო უკვე მუშაობს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შესაძლებლობაზე და უკვე წლის ბოლოსთვის ქართულ-პოლონური კომპანია უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას აპირებს.

"თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა", - თქვა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

მან დაასახელა ქართულ-პოლონური საწარმოს სახელიც, რომელიც ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებაზე მუშაობს - ესაა შპს "დელტა ვებე." მინისტრმა თქვა ისიც, რომ საქართველო, წარმოების გარდა, ასევე გეგმავს "ყველაზე თანამედროვე და ეფექტური" უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვასაც, რომლებიც პარტნიორების დახმარებით შეირჩა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების მიმართულებაში საწარმოს ბაზაზე სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრი შესაბამისი ინვენტარით კარგად აღიჭურვება და მოემსახურება თავდაცვის ძალებს როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში.

„ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG