სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება. ტასის ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს თურქეთში ვიზიტისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაში მუშაობა. მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3. პირველი შეხვედრა გავმართეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მათი მოხარული ვიქნებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ“, - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში.
ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. საქართველო უარს აცხადებს ფორმატში მონაწილეობაზე.
ფორმატ „3+3“-ის ფარგლებში პირველი სხდომა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაში საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა შეხვედრის ოთახში მაინც იდგა საქართველოს დროშა, რაც დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.