ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ირაკლი ხომასურიძეა.
პარლამენტის წევრის და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და მის თანაპარტიელს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 6 ივნისს თავს დაესხნენ.
როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.
დავით ბერძენიშვილმა დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე, რომ ხათუნა სამნიძესთან ერთად დაზარალებულად ცნეს.
„მოვდიოდით მე და დათო ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე, ორი ადამიანი მოვიდა ქაშვეთის ეკლესიასთან, დაგვიწყეს საუბარი პოლიტიკაზე. ასეთ დროს ვჩერდებით ხოლმე და ვესაუბრებით. შემდეგ დაიწყო აგრესიული საუბარი, ვეცადე გავრიდებოდით, ვუთხარით, რომ გვეჩქარებოდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ლანძღვაზე, დედის გინებაზე. გვითხრეს, რომ მოღალატეები ვართ... ერთ-ერთი ფიზიკურად გაიწია დათო ბერძენიშვილზე, მე შუაში ჩავუდექი და მეც ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა ორივემ", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
დეპუტატის თქმით, ამ ინციდენტის დროს მან თავად იხმო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
„პატრულის წინაც დამემუქრა", - თქვა სამნიძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა.