Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადებას აქვეყნებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. პრეზიდენტი მათ მოქმედებებს საქართველოს ევროპული გზის საწინააღმდეგო, მიზანმიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული.

ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო.

სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?

ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის წევრის, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და მის თანაგუნდელს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 6 ივნისს თავს დაესხნენ.

შსს-ს ცნობით, სამნიძის და ბერძენიშვილის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

6 ივნისს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. აქცია ჰომოფობიური განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილის არასამთავრო ორგანიზაციებმა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ“ და „ზნეობამ" გამართეს.

XS
SM
MD
LG