ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა სტუდენტების მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩატარების შესახებ. განცხადებაში, რომელიც საბჭომ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ „ფინალური გამოცდები არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა".
გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი სასწავლო პროცესების მიღმა არ აღმოჩნდეს, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო თსუ-ის ადმინისტრაციას რეკომენდაციას აძლევს, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თსუ-ის საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) ერთი თვით უფასოდ განთავსება შესთავაზოს.
„ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ-ის ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე თქმით, აკადემიურმა საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდების ორგანიზება მოხდეს იმგვარად, რომ სტუდენტებმა გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება მარტივად მოახერხონ.
დღეს, 3 ივნისს ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის შენობაში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.