Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრომშენში თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა


თბილისი, მეტრომშენის დასახლება - ის ადგილი, სადაც 15 წლის ბიჭი დაჭრეს
თბილისი, მეტრომშენის დასახლება - ის ადგილი, სადაც 15 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში თანატოლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა, რომელიც დღეს, 2 ივნისს გაიმართა, არასრულწლოვანის მონაწილეობის გამო დახურული იყო, ინფორმაციას კი თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

ამ სხდომაზე მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

"საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთ არსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანატოლის დაჭრისთვის მოზარდის დაკავების შესახებ ცნობილი მედიისთვის 31 მაისს გახდა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შემთხვევა 30 მაისს მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ავტოსადგომებიდან დაჭრილი მოზარდი გამოიყვანეს.

XS
SM
MD
LG