"ბორჯომის" ორი ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა დღეს, 31 მაისს, დილის 6 საათიდან უვადო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცულთა ნაწილი ახლაც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მათ უფლებებს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირები "ლაბორი" იცავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, გაფიცვა მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
„დილის 06:00 საათიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
ის ჩამოთვლის, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორი ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულთა მოთხოვნებს:
- უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
- ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
- ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
- კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.
გიორგი დიასამიძის განცხადებით, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა მედიაციის 21-დღიანი პროცესი. მისივე განმარტებით, ვინაიდან 26 მაისი დასვენების დღე იყო, მომდევნო დღეებში კი შაბათ-კვირა უწევდა, გაფიცვა დღეიდან, 31 მაისიდან დაიწყეს.
გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ხვალ, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, "ბორჯომის" ქარხნებში დასაქმებულთა შვილებისა და ზოგადად ბორჯომელებისთვის ღონისძიებას გამართავენ. ზეგიდან, 2 ივნისიდან კი, აქციას მოაწყობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან. რამდენიმე დღის წინ აქციის ორგანიზატორებმა მუნიციპალიტეტს რეაგირებისთვის მიმართეს ქარხნების უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლების კომუნალური გადასახადების გადავადების ან კომპენსირების საკითხზე.
„ვერ მივიღეთ ჩვენ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი და ამიტომ ზეგ მივაკითხავთ და ვკითხავთ პასუხს“, - უთხრა მედიის წარმომადგენლებს გიორგი დიასამიძემ.
დასაქმებულთა გაფიცვის პარალელურად, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ ვაკანსიები გამოაცხადა. პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, იგი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მათი უფლებებისთვისაც იბრძოლოს. ამასთან ის აცხადებს, რომ 15 ადამიანი, ვინც ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა, ახლა გაფიცვას უერთდება.
ამ ეტაპზე კომპანია " IDS ბორჯომი საქართველო" დასაქმებულთა საგაფიცვო პროცესსა და მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.
განახლება: მოგვიანებით, "ბორჯომის" N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი გაფიცულთა მოთხოვნებს წერილობით გამოეხმაურა. მერაბ ახმეტელის თანახმად, „კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი... აღნიშნულ ვითარებაში კი, კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“.
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, კომპანიის კუთვნილი ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. მინელარული წყლის ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.
19 მაისს „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა.
ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით მის პირობებს შესასწავლად მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.
21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.
„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს, ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.
"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.