არ შედგა დაანონსებული შეხვედრა „IDS ბორჯომის“ ქარხნების ხელმძღვანელსა და დასაქმებულებს შორის, რომლებიც თითქმის ერთი თვეა აქციას მართავენა. კომპანიის დირექტორი ივანე მაჭავარიანი ბორჯომში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მან მოითხოვა ცალ-ცალკე შეხვედროდა კომპანიიდან გათავისუფლებულ 49 თანამშრომელსა და დანარჩენ დასაქმებულებს. რასაც აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა.
ქარხნების გაჩერებიდან მე-19 დღეს თანამშრომელებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გასაუბრება სურდათ. ქარხნის თანამშრომელი ზურაბ ბუხრიკიძე ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა ყველა თანამშრომელს სურდა დაყოფის გარეშე.
,,ჩვენ ყველას - გათავისუფლებულებსაც და დანარჩენებსაც გვინდოდა მასთან შეხვედრა. უნდა შევსულიყავით ყველანი ერთად, მაგრამ რატომღაც მოინდომეს ცალ-ცალკე დაგვლაპარაკებოდნენ, ასე კი არ გამოვა, რადგან ამით ხალხის აზრის ორად გაყოფა უნდათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ცალ-ცალკე შეხვედრა არ მოხდება. ან ყველა ერთად შევხვდებით, ან არავინ“ - ამბობს ზურაბ ბუხრიკიძე.
ანდრო ბაბლიძე "IDS ბორჯომის" ჩამოსხმელ ქარხანაში 35 წელზე მეტია მუშაობს. თავიდან ავტოდამტვირთველი იყო, მოგვიანებით კი ვაგონების ელექტროშედუღებაზე გადავიდა. მან განახლებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამბობს, რომ სამსახურიდან სიმართლის თქმისთვის გაუშვეს, ,,ვითარებით ისარგებლეს და განცხადება ფეხებში მომაყოლეს“. მისი სიტყვებით ხელშეკრულებაზე ხელი გაცილებით მეტმა თანამშრომელმა არ მოაწერა, თუმცა კომპანიიდან მხოლოდ 49 ადამიანი გათავისუფლდა.
,,მაჭავარიანი შეგვხვდება თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მოთხოვნა იგივეა - დაუყოვნებლივ აღდგენა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშროლების და იმ პირობების დაბრუნება, რომელზეც ხელი შარშან მოვაწერეთ. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მედიაციის პროცესი დაწყებულია და აქციებით გაგრძელდება. რაც შეეხება ხელფასების დარიცხვას - თანხა მხოლოდ გათავისუფლებულებს და აქციის მონაწილეთა ნაწილს დაურიცხეს. რა ნიშნით შეარჩიეს ეს ხალხი, არავინ იცის. თუ ამით ხალხის გათიშვა და პროცესის მოგება ასე სურთ, გარწმუნებთ არ გამოუვათ“ - განმარტავს ანდრო ბაბლიძე.
მედიაციის პროცესი აქციის მონაწილეთა ინიციატივით დაიწყო. საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ, რომელიც ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის დასაქმებულთა ინტერესებს იცავს, მედიატორის ჩართვის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია 8 მაისს, ბორჯომში ჩავიდა. ის ცალ-ცალკე შეხვდა "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას. სამსონიამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
ჩაშლილი შეხვედრისა და მედიაციის შედეგის მიღებამდე, პროფკავშირების ხელმძღვანელი 80-მდე თანამშრომლის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ზოგ მათგანს უხელფასობის გამო კომუნალური გადასახადების დავალიანება და ბანკის კრედიტები აქვს გადასახდელი, გიორგი დიასამიძე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ბორჯომის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ეცადა. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მიიღო დაპირება, რომ ადგილობრივი ხელიუსუფლება შეეცდება ვითარების შემსუბუქებას.
,,80-მდე თანამშრომელს, ვისაც ხელფასი არ დარიცხვია, შეექმნა კომუნალური გადასახადებისა და კრედიტის გადახდის პრობლემა. ჩვენ სწორედ ამ საკითხის გავლა გვინდოდა ბორჯომის მერთან და საკრებულს თავმჯდომარესთან. თუმცა, ისინი ადგილზე არ დაგვხვდნენ, ტელეფონში კი იმ თანამშრომლების მონაცემთა გადაგზავნა და ვითარებაში გარკვევა ითხოვეს“ - განმარტავს გიორგი დიასამიძე.
დღეს ქარხნის ადმინისტრაციას თანამშრომელთა ნაწილი მაინც შეხვდა. „IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრას 80–მდე თანამშრომელი ესწრებოდა. დეტალებზე ამ ეტაპზე არც კომპანიის ადმინისტრაცია და არც შეხვედრიდან გამოსული თანამშრომლები საუბრობენ. „ლაბორის“ თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე კი ამბობს, რომ 15 მათგანი ლაბორატორიის თანამშრომელი და განყოფილების ხელმძღვანელია.
,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი N1 და N2 ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს კომპანიაში შექმნილი ვითარება და ისაუბრეს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებზე“ - ნათქვამია IDS ბორჯომის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
,,ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ხელმძღვანელი ბაქარ შირაძე აცხადებს, რომ ხალხსა და ბიუჯეტს ზიანი, ხელისუფლების მიერ არასწორად გადადგუმლმა ნაბიჯებმა და რუსეთზე ჩამოკიდებამ მიაყენა.
,,არასწორმა პოლიტიკამ, ეკონომიკურად ყველაფრის ჩამოკიდებამ და რუსეთის კუდის ქიცინმა ეს გამოიწვია. ასევე შესაძლებელია ეს იყოს ჩვენი ხელისუფლებისა და რუსი ოლიგარქების მიერ დადგმული პროცესი, ვითომ გაჩერებას ხელი შეუშალა და მოახდინა ბორჯომის ქარხნის ნაციონალიზაცია. რათა დროებით გადაარჩინოს, იქაური მენეჯმენტი და ვითომ ქართველი მართავს, სინამდვილეში ისევ რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებული“ - აცხადებს ბაქარ შირაძე.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის თქმით, IDS ბორჯომს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წყლის რესურსის მოპოვების გადასახადი ყოველ კვარტალში შეჰქონდა, წლის განმავლობაში მოსაკრებელი 12 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს.
,,ქარხანას უკვე გადახდილი აქვს ორი კვარტლის გადასახადი, იმედია, მესამე კვარტლის თანხის გადახდამდე ორგანიზაცია ამუშავდება და გადახდის პრობლემა არ შეიქმნება. რა თქმა უნდა, ქარხნის ამუშავება მნიშვნელოვანია, როგორც ბიუჯეტის შევსების, ასევე ადგილობრივების დასაქმების თვალსაზრისით" - განმარტავს დავით ზაალიშვილი.
კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ.
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა 4 მაისს აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ მათ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ასევე, კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. დასაქმებულები კომპანიისგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ ამგვარი ხელშეკრულება დროებითი იქნება და საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, აქამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებს დაუბრუნდებიან.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.
ეკონომინის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არც გუშინ 16 მაისს დააკონკრეტა არის თუ არა რაიმე სიახლე დაპირებულ "სასიამოვნო ინფორამციასთან" დაკავშირებით.
დღეს 17 მაისს მედიასთან საუბარში მან გამოთქვა იმედი, რომ „რამდენიმე დღეში მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანია „ბორჯომს“, აღადგინოს საქმიანობა“
„აქ არის ორი საკითხი - პირველ რიგში, რომ კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი საკითხი. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, საკმაოდ დიდი ხანია. ვმუშაობთ როგორც აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. შესაბამისად, კომპანია არ იყოს სანქცირების საგანი, საერთაშორისო სანქციების საგანი. ამავდროულად, ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებლებთან, ვისი სანქციების ქვეშაც არიან დამფუძნებლები და შესაბამისად, კომპანიის ფუნქციონირებას აქვს გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე და მე იმედი მაქვს, რომ უკვე რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, აღადგინოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.
"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.