კომპანია „IDS ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს და შექმნილ ვითარებაში დასაქმებულებთან სახელშეკრულებო პირობების შეცვლის აუცილებლობას ხსნის. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გადასარჩენად და დასაქმებულთა ადგილების შესანარჩუნებლად რეორგანიზაცია განახორციელეს, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყვიტეს 49 თანამშრომელს.
„შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, - ნათქვამია „IDS ბორჯომის“ განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ბორჯომში“ დასაქმებულთა უფლებების დამცველმა, საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის პროცესის დაწყების მოთხოვნით, განცხადება შეიტანა.
გიორგი დიასამიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიის განცხადების მიუხედავად, მედიაციის დაწყების მოთხოვნა ძალაში რჩება. ამასთან ამბობს, რომ, როგორც ჩანს, კომპანიამ ის 49 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომელთაც, სავარაუდოდ, რამდენიმეთვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ, რითაც ხარჯები შეამცირა და ამას რეორგანიზაციად წარმოაჩენს. თუმცა, გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ „ლაბორი“, საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლებებსაც დაიცავს.
"რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, დროებით აყვანილ თანამშრომლებს შეეხოთ. ჩვენ მათთვისაც ვიბრძოლებთ. "ბორჯომი" არ არის მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური საკითხი, ის ატარებს ეროვნული წარმოების მნიშვნელობას, ამ თემით მანიპულირების უფლებას არავის მივცემთ", - უთხრა გიორგი დიასამიძემ რადიო თავისუფლებას.
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა 4 მაისს აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ მათ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.
კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. დასაქმებულები კომპანიისგან მოითხოვენ გარანტიებს, რომ ამგვარი ხელშეკრულება დროებითი იქნება და საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, აქამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებს დაუბრუნდებიან.
კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, პასუხი არ არის გაცემული თანამშრომელთა მოთხოვნის იმ პუნქტზე, რომელიც ძველ ხელშეკრულებებთან დაბრუნების გარანტიას შეეხება.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.
29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.
"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.