კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ მათ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.
კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. დასაქმებულები კომპანიისგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ ამგვარი ხელშეკრულება დროებითი იქნება და საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, აქამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებს დაუბრუნდებიან.
დასაქმებულები დღეს კომპანიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ თანამშრომლობის პირობებზე შესათანხმებლად, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შედგა. კომპანიის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქციის მონაწილეებმა კი განაცხადეს, რომ დაიწყებენ მედიაციის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. თუ მედიაციის 21-დღიანი ვადა უშედეგოდ დასრულდა, თანამშრომლები აქციებს აანონსებენ.
კომპანიის თანამშრომლების უფლებებს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი „ლაბორი“ იცავს. მისი ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტი დასაქმებულებს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია.
„შესაბამისად, ეს ადამიანები, კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მზად არიან მიიღონ ეს შეთავაზება, თუმცა, გარკვეული სახის გარანტიებით. ეს გარანტიები მათთვის ამ ეტაპზე მიცემული არ არის“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.
ამიტომ დიასამიძის თქმით: „ხვალიდან ვიწყებთ მედიაციის პროცესს, 21- დღიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, არ დაგვრჩება სხვა გზა, თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული გზა - დავიწყოთ აქციები. ვიბრძოლებთ ბოლომდე“.
შეთავაზებული საკონტრაქტო პირობების მიხედვით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 100 %-ის ნაცვლად, განახევრებულია. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, 145%-ის ნაცვლად, 125 %-მდეა შემცირებული და გაუქმებულია პრემიული ანაზღაურება, რომელიც დასაქმებულებს ზაფხულში უნდა მიეღოთ.
დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. მათ სურთ, პრემიერ-მინისტრისგან გაიგონ, რას ნიშნავს „მოსალოდნელი სასიამოვნო სიახლეები“, რომლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანდრო ბაბლიძემ უთხრა, ახალი პირობების შემცველ ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერს, გარანტიების არსებობის შემთხვევაში.
„მედიაციის პროცესის დაწყება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უკვე აღარავისი იმედი აღარ გვაქვს ჩვენ. როგორც გამოდის, ყველანაირი იმედი გადაგვეწურა. მე ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში მოვაწერ ხელს, თუ შენ მე გარანტიას მომცემ, რომ სამი თვის მერე, სიტყვაზე, ექვსი თვის მერე რომ გამოსწორდება მდგომარეობა, მე იმ ხელფასზე არ დამტოვებ - ეს არის ჩვენი მოთხოვნა, სხვა კი არაფერი?! თორე გაჭირვება რომ იყოს, ერთი თვე ვიმუშავებ უხელფასოდ, ქამარს მეც შემოვიჭერ და ეგენიც შემოიჭერენ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, ამხელა კომპანიაა, ამხელა ბრენდია და ამხელა ოჯახები დგანან ჩვენს უკან, დაბადებიდან, მგონი, აქ ვმუშაობ, 25 წელია აქა ვარ“, - უთხრა ანდრო ბაბლიძემ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.
„ბორჯომში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი სიტყვებით, ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში ეძებს გამოსავლის გზებს, თუმცა, მისი თქმით, არსებული ხელშეკრულების კონფიდენციალურობის გამო, შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
„ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომელთანაც ჩვენ დეტალებზე გაუხმაურებლობის შეთანხმება გვაქვს, იმიტომ რომ არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, ერთი მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და, მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.
29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.
"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.