Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამარცხვინოა, რომ საქართველოში დღეს ისევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ - პრეზიდენტი პოლიციის დღეზე


პოლიციის დღე. 31 მაისი 2022 წელი
პოლიციის დღე. 31 მაისი 2022 წელი

პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი ყველა უწყების თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა მათ პროფესიონალიზმს და თქვა, რომ „ქართლმა პოლიციამ შეძლო გარდაქმნა და ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა“. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ფემიციდის არსებობას „სამარცხვინო“ უწოდა.

მინდა ერთი საკითხი ვახსენო - მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველამ გადავდგათ ნაბიჯი, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიციის დღე
პოლიციის დღე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას გამოყო სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მან საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისთვის, უმნიშვნელოვანესი დახმარების აღმოჩენისა და ღირსეული პარტნიორობისთვის.

პოლიციის დღე
პოლიციის დღე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა მათი სამსახურისთვის და ოპონენტთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც, სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალი სიმღერის პრეზენტაციით დასრულდა. სიმღერის, „ვემსახურები საქართველოს“, მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კომპოზიცია მომღერალმა ოთო ნემსაძემ ანსამბლ „ქართულმა ხმებთან“ ერთად შეასრულა.

XS
SM
MD
LG