რუსულმა კომპანია „გაზპრომ“-მა დაადასტურა, რომ დღეიდან, 31 მაისიდან, გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა ნიდერლანდს. ევროკავშირის ამ სახელმწიფომ არ შეასრულა რუსეთის მოთხოვნა ბუნებრივი გაზის საფასურის რუბლით გადახდის შესახებ, რადგან ეს დაარღვევდა უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2021 წელს, რუსეთიდან ნიდერლანდში განხორციელდა დაახლოებით 6.67 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი, რაც ამ ქვეყნის მოთხოვნილების 16%-ს ფარავდა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა, რომ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, ანუ მათ, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, რუსული გაზის საფასური არა დოლარით ან ევროთი, არამედ რუბლით გადაიხადონ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იყვნენ. გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.
უკრაინის ნაცვლად ბალტიის ზღვის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუსეთმა ააშენა ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", თუმცა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.