Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს


ფოტო არქივიდან: "გაზპრომის" საბადო ნახევარკუნძულ იამალზე
ფოტო არქივიდან: "გაზპრომის" საბადო ნახევარკუნძულ იამალზე

რუსულმა კომპანია „გაზპრომ“-მა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და პოლონეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ.

„გაზპრომ“-მა პოლონეთს და ბულგარეთს ვადა 26 აპრილის ჩათვლით მისცა, დღეიდან, 27 აპრილიდან კი, ორივე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. პოლონეთმა და ბულგარეთმა რუსეთის ეს გადაწყვეტილება წლევანდელი კონტრაქტის დარღვევად შეაფასეს.

ამასთან, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყნის მარაგი დაახლოებით 80%-ითაა შევსებული და მზად არიან იმისთვისაც, რომ გაზი სხვა წყაროებიდან შეიძინონ. ამას აპირებს ბულგარეთის მთავრობაც. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზის მოხმარების შეზღუდვა საჭირო არ გახდება, რადგან ენერგოკომპანიებთან ერთად შეიმუშავეს მიწოდების ალტერნატიული მექანიზმები. მათ შორის, ბულგარეთი აპირებს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაზრდას.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა, რომ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, ანუ მათ, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, რუსული გაზის საფასური არა დოლარით, ან ევროთი, არამედ რუბლით გადაიხადონ.

ევროკავშირში, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, განიხილება რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების საკითხიც, რასაც გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იყვნენ. გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.

უკრაინის ნაცვლად ბალტიის ზღვის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად რუსეთმა ააშენა ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", თუმცა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

XS
SM
MD
LG