Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: რუსეთისთვის ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებას საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევროპარლამენტში, უკრაინისადმი მიძღვნილ სხდომაზე. ბრიუსელი, 2022 წლის 1 მარტი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევროპარლამენტში, უკრაინისადმი მიძღვნილ სხდომაზე. ბრიუსელი, 2022 წლის 1 მარტი

რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 25 აპრილს გამოქვეყნდა.

ბორელის თანახმად, რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვა ან საჯარიმო გადასახადების დაწესების მსგავსი ალტერნატიული სანქციები მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად და მოლაპარაკების მაგიდასთან იძულებით მისაყვანად, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

ბორელის ინფორმაციით, ეს თემა ისევ განიხილება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 30-31 მაისსაა დაგეგმილი. ამჟამად ევროკავშირი მუშაობს უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ ამ პაკეტში შევიდეს ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც ამჟამად ყველა წევრი სახელმწიფო მუშაობს, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსულ ნავთობსა და გაზზე უარი თქვეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ევროკავშირის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რუსულ ენერგომატარებლებზე მათი დამოკიდებულება მინიმალური იყო.

XS
SM
MD
LG