აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მსჯელობენ რუსეთიდან ევროკავშირში ნავთობის იმპორტის შეზღუდვასა და მოსკოვის მიერ ნედლეულით მიღებული შემოსავლების შემცირებაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
განხილულ ვარიანტებს შორისაა იმპორტის სრული აკრძალვა, ფასების ზღვრის დაწესება და სააღრიცხვო მექანიზმის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს გახდის, დააკავოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მიღებული მოგება.
Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მოლაპარაკებების მიზანია, გაირკვეს, რა სახის „მაქსიმალური დარტყმა“ შეიძლება მიაყენონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შიშობს აშშ, არის ის, რომ ევროკავშირში ნავთობის იმპორტის აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს ნედლეულზე ფასების მკვეთრი ზრდა და კრემლს კიდევ უფრო მეტი მოგება მოუტანოს.
როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, ევროკავშირმა შესაძლოა წინადადებები უკვე მომავალ კვირაში წარუდგინოს განსახილველად კავშირის წევრებს. Bloomberg-ის ერთ-ერთი მოსაუბრის აზრით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბევრად იოლი იქნება კონსენსუსის მიღწევა ნავთობის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებაზე, ვიდრე დიზელის საწვავსა და სხვა პროდუქციაზე.
22 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის გაზზე მკვეთრი ემბარგოს დაწესება არ გააჩერებს უკრაინის კონფლიქტს და გფრ-სა და მთელი ევროპის ეკონომიკის კრიზისამდე მიგვიყვანს. მან დასძინა, რომ ემბარგოს შედეგად შეიძლება დაზარალდეს მთელი ევროპის ეკონომიკა, რაც პრობლემებს შეუქმნიდა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო დაფინანსებას.
ადრე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრიუტო ლე მერმა თქვა, რომ რუსეთის გაზის ემბარგო ჯერჯერობით არ განიხილება.
ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ზომებს მიმართავს რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის შესაზღუდად, რათა შეამცირონ კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობები. ამის გაკეთებაზე ცალსახად მხოლოდ უნგრეთი ამბობს უარს.
მანამდე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს სანქციები. მაგრამ ისინი ბევრად ნაკლებ რუსულ ნავთობს მოიხმარდნენ, ვიდრე ევროკავშირი.