Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: კულტურის სამინისტრო "ბუტკა" არ არის


თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი
თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუზეუმების ახალ ხელმძღვანელობას მისი სრული მხარდაჭერა აქვს და საჯარო სამსახურში დასაქმებულები ვალდებული არიან, იარონ სამსახურში იმ ხელფასის სანაცვლოდ, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ.

"ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში", - თქვა თეა წულუკიანმა.

24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის მიზეზად მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაცია და გათავისუფლებულთა არასაკმარისი კომპეტენციაა დასახელებული. გათავისუფლების ბრძანებებს ხელს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს. 24 მაისამდე ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლდა ასევე 20-მდე ხანდაზმული მეცნიერ-თანამშრომელი, რომლებიც კონსულტანტის ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებული და 160 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ.

ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში - ორივე უწყებიდან ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გათავისუფლებულია პოლიტიკური ნიშნით.

XS
SM
MD
LG