Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს - მიზეზი რეორგანიზაციაა


ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს - ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ როგორც მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები, ასევე მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფესიული კავშირი. მუზეუმიდან გათავისუფლებულთა შორის არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტ-მეცნიერების სტატუსით მუზეუმში დასაქმებული ასაკოვანი მეცნიერები.

სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი "რეორგანიზაციაა", გათავისუფლების ბრძანება თითქმის ყველა თანამშრომლის შემთხვევაში იდენტურია და მათ ხელს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 ივნისიდან უწყდებათ.

ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მოადგილედ 2022 წლის 7 მარტს დაინიშნა. მანამდე ის, როგორც ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრის სტატუსით მონაწილეობდა ეროვნული მუზეუმის მართვაში.

დადასტურებული ინფორმაციით, 21 გათავისუფლებულ პირს შორის არიან:

  • ანა ვერულაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ბიძინაშვილი, არქეოლოგი, ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი;
  • ნიკოლოზ წიქარიძე, მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თამანშრომელი, არქეოლოგი, ცუცხვათის და საკაჟიას მღვიმეების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • ირმა კოპალიანი, თბილისის ფონდების აღრიცხვა-დაცვის და მართვის სექტორის ასისტენტი (ის ნიკა ახალბედაშვილმა 2021 წლის ზაფხულში ხელოვნების მუზეუმიდანაც გაათავისუფლა, სადაც ფონდების კურატორის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა).
  • ირინა შატილოვა;
  • დათა გაგოშიძე, არქეოლოგი, სოფელ დოღლაურთან დედოფლის გორის მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი;
  • მაია პატარიძე, ისტორიკოსი, ნუმიზმატი. ავტორი წიგნისა "დავით აღმაშენებელი - ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა";
  • ანა მგელაძე, არქეოლოგი;
  • იულონ გაგოშიძე, არქეოლოგი.
  • გია ფარცხალაძე;
  • ვალერი ზარიძე;
  • ნინო ჯაყელი;

მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფესიულ კავშირში ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაციის დასრულებისას მუზეუმიდან გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება. პროფკავშირები მუზეუმის თანამშრომელთა ინიციატივით გასულ კვირას შეიქმნა.

ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში - ორივე უწყებიდან ათობით ადამიანია გათავისუფლებული. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნითაა გათავისუფლებული.

XS
SM
MD
LG