Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროებამ გამოაქვეყნა ვიქტორ მედვედჩუკის ჩვენება, რომელშიც პუტინის ნათლიმამა პეტრო პოროშენკოს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს


ვიქტორ მედვედჩუკი საგამოძიებო იზოლატორში
ვიქტორ მედვედჩუკი საგამოძიებო იზოლატორში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის ჩვენების შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩანაწერში ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ჰყვება, თუ როგორ მოხდა ნავთობპროდუქტების მილსადენის, "სამარა–დასავლეთის მიმართულების", ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან გატანის სქემის ორგანიზება, რომლითაც შემდეგ დიზელის საწვავის გადაქაჩვა ხდებოდა.

როგორც მედვედჩუკი ვიდეოში აცხადებს, პოროშენკომ მას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება სთხოვა, რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა უზრუნველყო საჭირო გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის ყველა ინსტანციაში.

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ პოროშენკომ მილის შეძენაზე 23 მილიონი დოლარი დახარჯა: ფულის ამოღება ხდებოდა ფიქტიური კონტრაქტებით, რომელთაც ფინანსური მრჩეველი მაკარ პასენიუკი, აკონტროლებდა.

გარდა ამისა, ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში, მილსადენმა ინვესტირებულზე ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა თავისი მფლობელებისთვის, დაახლოებით 42 მილიონ დოლარამდე. ჩვენებაში მედვედჩუკი ხაზს უსვამს, რომ პეტრო პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, 2019 წლის მაისიდან, მაგისტრალის გავლით დიზელის ამოტუმბვა შეჩერდა.

ჩანაწერში დეპუტატი კიდევ ერთ საკითხზე, 2014-2015 წლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ქვანახშირის შეძენის სქემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ სქემაში "ჩართული იყო სახელმწიფო აპარატის ფაქტობრივად მთელი ზედა ნაწილი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცველებით თუ იმ ადამიანებით, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას".

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მედვედჩუკმა დაასახელა სქემაში მონაწილე მაღალჩინოსნების კონკრეტული სახელები: ყოფილი მოხელეები, ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველები, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. კერძოდ, მაკარ პასენიუკი, ვალერია გონტარევა, იგორ კონონენკო, ვლადიმირ დემჩიშინი, ასევე უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა იგორ გოლოვანმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკის ჩვენება სახელმწიფო საკუთრებიდან ნავთობსადენის გამოყვანისა და "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან" ფარული სქემით ნახშირის შეძენაში პეტრო პოროშენკოს მონაწილეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს "სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას".

გოლოვანს მიაჩნია, რომ მედვედჩუკის ჩვენების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მეხუთე პრეზიდენტის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას უკავშირდება. პოროშენკოს ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი, შესაბამისად, ადვოკატის აზრით, უშიშროების მიერ ამ ვიდეოს გამოქვეყნება "სასამართლოზე ჩვეულებრივი ზეწოლაა."

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

12 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაციის“ შედეგად. 16 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, 18 აპრილს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის გამოდის შეთავაზებით, გაიცვალოს უკრაინელ ჯარისკაცებზე და სამოქალაქო პირებზე, ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლიდან.

მედვედჩუკი ამ თხოვნით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

უცნობია, რამდენად თავისუფლად ლაპარაკობს მედვედჩუკი ამ ვიდეოჩანაწერში.

XS
SM
MD
LG