თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი პირობები წარუდგინა შვედეთსა და ფინეთს, ნატოში მათი გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.
ერდოანი ითხოვს, რომ ორმა სახელმწიფომ შეწყვიტოს იმ "ტერორისტული" ჯგუფების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უშიშროებას.
ერდოანმა 21 მაისს ტელეფონით ცალ-ცალკე ისაუბრა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან. მან უთხრა ანდერსონს, რომ სტოკჰოლმმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტული ჯგუფების „პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა“, ნათქვამია ერდოანის ოფისის განცხადებაში.
ნატოს ხანგრძლივი წევრი თურქეთი განსაკუთრებით აკრიტიკებდა შვედეთს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) მიმართ დამოკიდებულებისათვის. პარტიას თურქეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ. კრიტიკულია ერდოანი შვედეთის მიმართ ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისადმი მხარდაჭერის გამო. ანკარა მათ აკისრებს პასუხისმგებლობას 2016 წლის გადატრიალების მცდელობისთვის.
ერდოანი მოითხოვს, რომ შვედეთმა და ფინეთმა, როგორც ქვეყნებმა, რომლებმაც ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს, უნდა გაითვალისწინონ მისი შეშფოთება.
ნატოში წევრობას მხარი უნდა დაუჭიროს ალიანსის 30-ვე წევრმა სახელმწიფომ.
თურქეთი მოელის, რომ შვედეთი „კონკრეტულ და სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს“, რაც დაამტკიცებს, რომ ის იზიარებს ანკარის შეშფოთებას PKK-სა და მის ერაყულ და სირიულ შტოებთან დაკავშირებით, განუცხადა ერდოანმა ანდერსონს.
ერდოანმა ასევე უთხრა თანამოსაუბრეს, რომ მოიხსნას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვები თავდაცვის მრეწველობის სფეროში, რაც გულისხმობს იარაღის ემბარგოს, რომელსაც შვედეთი და ფინეთი შეუერთდნენ სხვა ქვეყნებთან ერთად, როცა 2019 წელს თურქეთმა იერიში მიიტანა ქურთთა სახალხო თავდაცვის შენაერთების წინააღმდეგ (YPG).
განცხადების თანახმად, ერდოანმა თქვა, რომ ამ საკითხების განხილვა დაგვანახებს, რომ სტოკჰოლმი იზიარებს ანკარის შეშფოთებას უსაფრთხოების სფეროში. ანდერსონის თქმით, ის აფასებს სატელეფონო საუბარს და შვედეთი იმედოვნებს თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.
„აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და აშკარად უჭერს მხარს ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე PKK-ის ტერორისტთა სიაში შეყვანას“, - თქვა მან განცხადებაში.
ნიინისტოსთან საუბარში ერდოანმა თქვა, რომ თვალის დახუჭვა „ტერორისტულ“ ორგანიზაციებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ნატოს მოკავშირეს, „შეუთავსებელია მეგობრობისა და ალიანსის სულისკვეთებასთან“. ერდოანმა ასევე თქვა, რომ თურქეთის ბუნებრივი უფლებაა, მოელოდეს პატივისცემასა და მხარდაჭერას „ლეგიტიმურ და გადამწყვეტ ბრძოლაში ეროვნული უშიშროების და ხალხისთვის შექმნილი აშკარა საფრთხის წინააღმდეგ“, - თქვა პრეზიდენტმა.
ნიინისტომ განაცხადა, რომ მან "ღია და პირდაპირი" მოლაპარაკებები გამართა ერდოანთან და დასთანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას.
თებერვალში რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური აზრი ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ. ამ კვირაში ორმა ქვეყანამ უარყო დიდი ხნის ნეიტრალიტეტი, ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის ოფიციალურად წარდგენით. ანდერსონი და ნიინისტო თეთრ სახლში 19 მაისს მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მტკიცედ დაუჭირა მხარი მათ წინადადებებს.
ერდოანი ასევე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს 21 მაისს და უთხრა, რომ ანკარა დადებითად არ უყურებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში წევრობას, თუ ორივე ნათლად არ გამოავლენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა საკითხებში. ერდოანმა სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ იგი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.
სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის და ერდოანი „თანხმდებიან, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საზრუნავი უნდა იყოს გათვალისწინებული და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს გამოსავლის მოსაძებნად“.