Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდა


მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველის, დერეკ შოლეს შეხვედრის შესახებ.

"მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ ოცდაათწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევეჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ"- ნათქვამია მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრისა და დერეკ შოლეს შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი. საქართველოს მხრიდან კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

დღესვე, დერეკ შოლე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველის შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG