ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა, დერეკ შოლემ უკვე დაიწყო შეხვედრები. პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
"მე ვისაუბრე ნიკა გვარამიას საქმეზე იმიტომ, რომ ეს არ არის განყენებული საქმე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მედიაგარემოსთან, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასთან და იმასთან, როგორ ებრძვის დღეს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს. დღეს ნიკა გვარამია არის უსაფუძვლოდ ციხეში. მან არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და ხელისუფლებამ გამოიყენა ფაქტობრივად მის ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისთვის, რომ ნიკა გვარამია ჩაესვა ციხეში" - თქვა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.
"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმართულებაზე, იქნება ეს მედიაში არსებული გარემო და კრიტიკული მედიის მენეჯერის დაკავება, ვისაუბრეთ არჩევნების დროს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მართლმსაჯულების მიმართულებით რა გამოწვევებია ქვეყანაში და ასევე ვისაუბრეთ ხელისუფლების ქმედებებსა და განცხადებებზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ისინი საქართველოს გვერდით დგანან, იმიტომ რომ იციან ქართველი ხალხი იმსახურებს რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი" - უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ნინო დოლიძემ, სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარემ.
„მათ განსაკუთრებით შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. ჩვენი მხრიდან იყო საუბარი წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არის არსებითად პოლიტიზებული, როგორ იმართება ის კლანის მხრიდან, როგორ არის ის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ისეთ საკითხებში, მაგალითად, როგორიც არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები, როგორ არის ის გამოყენებული მედიის წინააღმდეგ. დერეკ შოლეს განსაკუთრებული ინტერესი და შეკითხვები ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან რუსული გავლენების არსებობა ქვეყანაში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
არასამთარობო ორგანიზაციებთან დერეკ შოლეს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა გურამ მაჭარაშვილი, დეპუტატი მმართველი პარტიიდან, რომელმაც თქვა, რომ "დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა." მისი კომენტარი არის გამოხმაურება იმაზე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დაინტერესდა ნიკა გვარამიას საქმით და არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით. შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რაც შეეხება რეფორმებს, ეს გრძელდება და გაგრძელდება,"- ასეთი იყო გურამ მაჭარაშვილის კომენტარი დერეკ შოლეს არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
დერეკ შოლე საქართველოში 18 მაისს ჩამოვიდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთანაც.