Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დავიღალეთ, მაგრამ არ გავტყდებით" - ინტერვიუ "კალინასთან"


აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, მეტსახელად „კალინა“
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, მეტსახელად „კალინა“

„18, 20, 25 წლის ახალგაზრდებმა, რომელთაც ყველაფერი წინ ჰქონდათ, დემოკრატიის და თავისუფლების იდეას შესწირეს თავი. 600-ზე მეტი დაჭრილი გვყავს. ეს რიცხვი ხან იზრდება, ხან კლებულობს, მიხვდებით, რატომაც. იხოცებიან აქ, სარდაფებში და რა გააკეთა მათთვის საერთაშორისო საზოგადოებამ? არც არაფერი”, - ამბობს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, მეტსახელად „კალინა“.

[ინტერვიუ ჩაწერილია 12 მაისს, რუსეთის შტურმის შემდეგ]

- ახლა, ამ მომენტში, რა სიტუაციაა აზოვსტალში?

- [რუსული] არტილერია და საჰაერო ძალები მუშაობენ. მთელი ღამე გვბომბავდნენ. გუშინ [11 მაისი] 40-მდე საჰაერო რეიდი იყო, მათ შორის, 8 სტრატეგიული ბომბდამშენი. არტილერია, ტანკი, ქვეითი, სნაიპერები, მეტყვიამფრქვევეები, ყუმბარმტყორცნები - ყველაფერი მოსულა, ყველაფერი ჩვენ გვესვრის. იყენებენ აკრძალულ ფოსფორის ბომბებს, რომლებიც ხანძარს აჩენს, იყენებენ ფაბ-ის სისტემის ბომბებს - FAB-500, FAB-1000, FAB-1500, FAB-3000 - ცდილობენ მრავალფეროვანი მენიუთი „გაგვანებივრონ“, რომ არ მოგვწყინდეს. როცა ამ ბომბებიდან შედარებით უფრო მძიმე ვარიანტები ხუთსართულიან შენობას ეცემა, ამ შენობიდან რჩება მხოლოდ ფუნდამენტი და ნანგრევები. როდესაც ზედაპირს - ტოვებს 5 მეტრის რადიუსის მქონე 3 მეტრის სიღრმის ორმოს.

ყოველდღე გვიკვდება ხალხი, მათ შორის განგრენით... მედიკამენტები აღარ შემოგვრჩა, ზოგი ოპერაციის გაკეთება უკვე ანესთეზიის გარეშე გვიწევს.

- მსოფლიო მედიამ უკვე 21-ე საუკუნის 300 სპარტელად მოგნათლათ. როგორ ახერხებთ პოზიციების შენარჩუნებასა და „აზოვსტალის“ დაცვას ამდენი ხნის განმავლობაში?

- გვიბრძანეს, დავიცვათ და ვიცავთ, სხვა ბრძანება არ მოსულა. ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენზე „ცდება“ რუსული ჯარის რესურსების დიდი ნაწილი, რასაც ისინი უკრაინის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შესაღწევად გამოიყენებდნენ, პირველ რიგში ზაპოროჟიესა და დონეკცის, ანაც მიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით. როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, მთლიანად სამხრეთი დაიკავონ და დერეფანი გააკეთონ ყირიმიდან ლუგანსკამდე. თავი არ შეგვირცხვენია - დიდი რაოდენობით მოწინააღმდეგე გავანადგურეთ, საერთო ჯამში მათი დანაკარგები 6000-ს აჭარბებს (2500 მოკლული, დანარჩენი დაჭრილი), გავანადგურეთ 100-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკაც - 78 მარტო ტანკი. ეს ყველაფერი დადასტურებული სტატისტიკაა. მთლიანობაში, რუსული არმიის ეს ნაწილი „დავატორმუზეთ“, არადა, იმედოვნებდნენ, რომ სამ დღეში აიღებდნენ მარიუპოლს, ამოგვხოცავდნენ და გზას გააგრძელებდნენ. 3 დღე კი არა, 79 დღე გავიდა და წარმატებას ვერ აღწევენ.

ნუთუ არავინაა ვალში ამ გოგო-ბიჭების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე მეტი გაუკეთეს მსოფლიოს, ვიდრე მსოფლიო აკეთებს მათთვის?

- თქვენ აცხადებთ, რომ რაც შეგეძლოთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მტრის ძალების ფოკუსი თქვენზე გადმოგეტანათ და ახლა უკრაინის ხელისუფლების ჯერია, „ვალი დაგიბრუნონ“. რას გულისხმობთ ამაში?

- არა უბრალოდ რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ, არამედ შეუძლებელი შევძელით. ამხელა უპირატესობის მქონე მტრისთვის ამ ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა - ეს დაგვიჯდა დიდ დანაკარგებად, უამრავ დაჭრილად, საბრძოლო, საკვებისა და წყლის მარაგების ამოწურვად. დაამატეთ ამას სხვადასხვა გართულება, როგორიცაა ანთებითი პროცესები დაჭრილებში, რადგან აღარ გვაქვს საკმარისი მედიკამენტები, რომ მათ სათანადოდ ვუმკურნალოთ. ცხედრები, რომლებიც იხრწნებიან - მათი ნარჩენები წყალს ერევა და ა.შ. ცალკე პრობლემაა ის, რომ რუსებისთვის „მაგნიტად“ კი ვიქეცით, მაგრამ თავდაცვითი საშუალებები არ გვაქვს - არ გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, არ გვაქვს ჭურვები, რათა ვესროლოთ იმ რუსულ გემებს, საიდანაც არხეინად გვბომბავენ. ძალიან ძნელია ამის გაძლება, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ არ გავტყდებით. მაინც ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება, გავლენიანი მსოფლიო ლიდერები, აიძულებენ პუტინს, ევაკუაციას დაეთანხმოს - პირველ რიგში მძიმედ დაჭრილებისას, რადგან მათი დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყოველდღე გვიკვდება ხალხი, მათ შორის განგრენით... მედიკამენტები აღარ შემოგვრჩა, ზოგი ოპერაციის გაკეთება უკვე ანესთეზიის გარეშე გვიწევს, გვაქვს ქირურგიული ინსტრუმენტების დეფიციტი. ნუთუ არავინაა ვალში ამ გოგო-ბიჭების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე მეტი გაუკეთეს მსოფლიოს, ვიდრე მსოფლიო აკეთებს მათთვის? ახალგაზრდებმა, 18, 20, 25 წლის ადამიანებმა, რომელთაც ყველაფერი წინ ჰქონდათ, დემოკრატიის და თავისუფლების იდეას შესწირეს თავი. 600-ზე მეტი დაჭრილი გვყავს. ეს რიცხვი ხან იზრდება, ხან კლებულობს, მიხვდებით, რატომაც. იხოცებიან აქ, სარდაფებში და რა გააკეთა მათთვის საერთაშორისო საზოგადოებამ? არც არაფერი.

რომელია ჩვენ შორის ნაცისტი, ჩვენ თუ რუსები? ჩვენ ერთნაირად უარყოფითად ვაფასებთ სტალინს და ჰიტლერს. უარვყოფთ როგორც ნაციზმს და ფაშიზმს, ასევე კომუნიზმსაც.

- მიტოვებულად გრძნობთ თავს?

- ძნელია, მარტო დაპირებით გაიტანო თავი. მაგრამ ვიტყვი, რომ სულიერად არ დავცემულვართ, საბრძოლო განწყობა შენარჩუნებულია - ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მეთაურები რიგითების გვერდით იბრძვიან. ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას და მადლობას ვუხდით მედიას, რომელსაც ჩვენი ამბავი ხალხთან მიაქვს. რაღაცები გაკეთდა - მშვიდობიანი მოსახლეობა გაიყვანეს. მაგრამ უკვე 79-ე დღეა გვესმის: „ბიჭებო, ცოტაც გაძელით, ცოტაც გაძელით“ - ყოველ მეორე-მესამე დღეს. ჯერ ამბობდნენ: „ბიჭებო, გაუძელით 20 მარტამდე, და ყველაფერი კარგად იქნება, მოგაკითხავთ, დებლოკაცია იქნება“ და ა.შ. მოვიდა 20 მარტი და გვითხრეს: „ბიჭებო, აპრილამდეც გაუძელით, აპრილის შუა რიცხვებამდე და ყველაფერი მოგვარდება“. აპრილის შუა რიცხვებში უკვე 30 აპრილს დაგვპირდნენ მოსვლას. მოვიდა 30 აპრილი და გვითხრეს, რომ 8 მაისს მოვიდოდნენ... თანაც, გამუდმებით გვესმის: „ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია“. ძნელია ამით ცხოვრება, ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას, მაგრამ გავიმეორებ - არ გავტყდებით.

- ოჯახს რამდენად ხშირად ესაუბრებით?

- ვდილობ, მოკლედ ვუპასუხო ხოლმე: „ცოცხალი ვარ, ყველაფერი კარგადაა“. გარეთ მყოფებისთვის ძნელია წარმოდგენა, რა დღეში ვართ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოჯახი მარიუპოლიდან შორს არიან - არანაირი აუცილებლობა არ არის მათ ვუხსნიდე, რა ჯოჯოხეთში გვიწევს ცხოვრება აქ. უფრო მარტივია, თქვა: ცოცხალი ვარ, არ ვნებდებით, ყველაფერი რიგზეა“.

- რას ფიქრობთ, როგორ აპირებენ რუსები „აზოვსტალის პრობლემის“ გადაჭრას?

- თავიდან ეგონათ, რომ ან გაგვანადგურებდნენ, ან დანებებას/გაქცევას გვაიძულებდნენ, მაგრამ ახლა ერთგვარი სტატუს-კვო დამყარდა - მათ ეშინიათ ღია შტურმზე წამოსვლა, რადგან იციან, რომ ეს დიდ დანაკარგებად დაუჯდებათ. ამიტომ აგრძელებენ ავიაციისა და შორი დისტანციის არტილერიის გამოყენებას, ანგრევენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ დაანგრიონ და ამაზე, უნდა ითქვას, თავიანთი რესურსების დიდ ნაწილს ხარჯავენ. გაცოფებულები არიან, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით. ვფიქრობ, ისტორიაში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი: სრული ბლოკადის პირობებში, 360-გრადუსიანი ფრონტით - ერთ მხარეს ზღვა გვაქვს, საიდანაც გემებიდან გვესვრიან, ხმელეთის მხრიდან კი სრულიად გარშემორტყმულები ვართ. მომარაგების გარეშე ვუძლებთ ამ კოლოსალურ ომის „მახინას“ უკვე 79 დღეა. ეს წარმოუდგენელი რამეა.

როცა ეს ბომბი ხუთსართულიან შენობას ეცემა, ამ შენობიდან რჩება მხოლოდ ფუნდამენტი და ნანგრევები. როდესაც ზედაპირს - ტოვებს 5 მეტრის რადიუსის მქონე 3 მეტრის სიღრმის ორმოს.

- თქვენს დანაყოფზე გამუდმებით ვრცელდება სხვადასხვა ყაიდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცისტური ან ნეონაცისტური მსოფლმხედველობის მქონე მებრძოლები გყავთ. ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, არიან ნაცისტები „აზოვის პოლკში“?

- რა თქმა უნდა, არა. ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის მონაჩმახია, რათა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მოტივირებულ სამხედრო დანაყოფს სახელი გაუტეხოს. ჩვენთან დაკავშირებული მითების გაქარწყლებას, პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას გაიძახიან რუსული არხები, ჩვენს რიგებში უცხოელები არ იბრძვიან, არანირი დაქირავებული მებრძოლები არ გვყავს. ჩვენ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს ვიღებთ ჩვენს რიგებში. რაც შეეხება ცილისწამებას ნაციზმზე: ჩვენი დანაყოფის მთავარი მიზანი - ის, თუ რატომაც შეიქმნა - არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სხვა ქვეყანას არასოდეს დავსხმივართ თავს და მსგავსი გეგმებიც არ გვაქვს. ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი მიწის დაცვაა. არ ვფიქრობთ, რომ უკრაინელი ხალხი ვინმე სხვა ხალხზე მაღლა ან დაბლა დგას, რომ გვაქვს უფლება, ვინმეს რაიმე ვუკარნახოთ ან ვაიძულოთ, ან სხვა ერები დავჩაგროთ და დავიმონოთ. შეადარეთ ახლა ეს ყველაფერი იმას, რასაც რუსები ფიქრობენ და აკეთებენ კიდეც, იმ ტერორს, რასაც ისინი აწარმოებენ. პუტინი თავს დაგვესხა, უნდა ჩვენი მიწა დაიპყროს, ჩვენი ხალხი დაიმონოს, უკრაინელები გაანადგუროს - გენოციდს სჩადის, ბაბი იარის სასაფლაოს ბომბავს, რომელიც ანტინაციზმის სიმბოლოა. ახლა ნება მიბოძეთ, ვიკითხო - რომელია ჩვენ შორის ნაცისტი, ჩვენ თუ რუსები? ჩვენ ერთნაირად უარყოფითად ვაფასებთ სტალინს და ჰიტლერს. უარვყოფთ როგორც ნაციზმს და ფაშიზმს, ასევე კომუნიზმსაც. ჩვენი იდეოლოგია და ჩვენი მიზანი უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვაა.

[ესაუბრნენ კატერინა ლიხოხლიადი და ვაჟა თავბერიძე]

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG