ის დღემდე სხვა მებრძოლებთან ერთად „აზოვსტალშია” გამაგრებული. ქარხანას რუსეთის არმია ორთვე-ნახევარია განუწყვეტლივ ბომბავს და აზოველების თავდადებული წინააღმდეგობის გამო მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს.
„რატომ ვაცხადებთ უარს დანებებაზე? პირველ რიგში - გვიბრძანეს, ეს ადგილი დაგვეცვა. სხვა ბრძანება ჯერ არ მიგვიღია, მიღებულ ბრძანებას კი ვერ დავარღვევთ“, - ამბობს სამოილენკო, ოფიცერი, რომელმაც ცალი თვალი რუსული ნაღმის აფეთქების გამო ომის ადრეულ ეტაპზე დაკარგა.
- შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ გამოიყურება დღეს აზოვსტალის ქარხანა და მარიუპოლი?
ილია სამოილენკო: აზოვსტალი უზარმაზარი კომპლექსია - საუბარია დაახლოებით ტალინის ცენტრის მასშტაბის ტერიტორიაზე. ახლა მისი მიწისზემოთა ნაწილი სრულიად ნანგრევებადაა ქცეული, ისევე როგორც მთლიანად ქალაქი მარიუპოლი. რუსების მიერ დაბომბილი პერიმეტრი მთვარის ზედაპირს ჰგავს - უზარმაზარი კრატერები, ზოგიერთი 20 მეტრის დიამეტრით. უკანასკნელი 2,5 თვის განმავლობაში 25 ათასი მარიუპოლელი დაიღუპა, რომელთა დიდი ნაწილის დაკრძალვა რუსებმა მარიუპოლის გარეუბანში სახელდახელოდ გათხრილ მასობრივ საფლავებში გადაწყვიტეს - ისინი, ფაქტობრივად, დაფლეს, დამარხვის ნაცვლად. ვინც ვერ შეძლო გაქცევა ან ქალაქიდან ევაკუაცია, ამ წინასწარ დაგეგმილი გენოციდის მსხვერპლებად იქცნენ. როდესაც ამ ყველაფრის შესახებ დანარჩენმა მსოფლიომაც გაიგო, რუსეთის არმიამ მოძრავი კრემატორიუმი ჩამოიტანა სამოქალაქო ცხედრების დასაწვავად. სახელდახელოდ გათხრილი საფლავები აპრილის დასაწყისიდან ჩანს სატელიტურ სურათებზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
- რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსები აზოვსტალში შეიჭრნენ - როგორ ვითარდება მოვლენები?
ილია სამოილენკო: ისინი ქარხნის პერიმეტრზე შემოიჭრნენ და უშუალოდ აქ მიმდინარეობს ბრძოლები - ეს მათ მეტი მანევრირების და ჩვენთვის მეტი ზიანის მოყენების საშუალებას აძლევს. სიტუაცია მძიმეა. რას იქნება რუსული არმიის შემდეგი ნაბიჯი? მათ უკვე დაამტკიცეს, რომ რუსული არმია წამსვლელია ყველაფერზე, რასაც არ გააკეთებს ადამიანი, ის, ვისაც ადამიანობა შერჩენია. ისინი ტერორისტების ტაქტიკას იყენებენ, გადამწვარი მიწის ტაქტიკას. სრულიად განადგურებულია სამოქალაქო უბნები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს კომპლექსს - მათ ბევრი ვარიანტი აქვთ. რისი მოლოდინიც გვაქვს, ეს ოპერატიული ინფორმაციაა, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ მაქვს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოიმოქმედონ - გააგრძელონ დაბომბვა, პირდაპირი შტურმი სცადონ, საჰაერო თავდასხმები. რაც მოეპრიანებათ, იმას გააკეთებენ.
დილით მიდიხარ კბილების გამოსახეხად და იცი, რომ შეიძლება ამ დროს მოგკლან. ეს რაღაც ექსტრემალური სპორტის მაგვარია, ან კიდევ აბსურდული თამაში, სადაც სამიზნის როლი გაკისრია.
- შეგიძლიათ აღგვიწეროთ, როგორია ერთი, მორიგი დღე აზოვსტალში ახლა?
ილია სამოილენკო: კონდიციები შორსაა იდეალურისგან, რა თქმა უნდა. სადაც ვცხოვრობთ, იქვე ვიბრძვით, ამ ბლოკირებულ არეალზე. რიგითიდან დაწყებული, ოფიცრებით დამთავრებული, ყველა ვიბრძვით. ყოველდღე ხან ბომბი გვეცემა, ხან გვესვრიან. დილით მიდიხარ კბილების გამოსახეხად და იცი, რომ შეიძლება ამ დროს მოგკლან. ეს რაღაც ექსტრემალური სპორტის მაგვარია, ან კიდევ აბსურდული თამაში, სადაც სამიზნის როლი გაკისრია.
- რა მდგომარეობაა მარაგების მხრივ?
ილია სამოილენკო: ამას ვერ გაგიმხელთ. როდესაც ხალხი გვეკითხება, საკვების და წყლის რა მარაგები გვრჩება, ყურებს არ ვუჯერებ ხოლმე. ზუსტი ციფრიც რომ მქონდეს, საჯაროდ ხომ არ ვიტყვი? ან რად უნდათ ამის ცოდნა, მრიცხველი აქვთ დაყენებული და ელოდებიან, როდის დავიხოცებით? გეტყვით, რომ 74 დღეა აქ ვართ - ამ მარაგების შევსების გარეშე.
რუსებს ასეთ საჩუქარს ვერ და არ გავუკეთებთ, რომ შემდეგ უკრაინა აბუჩად აიგდონ.
- მედიკამენტებსა და დაჭრილების მდგომარეობაზეც უნდა გკითხოთ.
ილია სამოილენკო: მედიკამენტების მხრივაც იგივე შეზღუდვებია, რაც პროვიზიის მხრივ. ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი უკვე აღარ გვაქვს, არადა გვყავს ისეთი დაჭრილები, რომელთაც სპეციალური მოვლა ჭირდებათ. ვშიშობ, ამ პრობლემას ჩვენით ვერ გადავწყვეტთ. რაც შეეხება დაჭრილებს: გვყავს ტყვიით, შრაპნელით, ნაღმის (ან ნაღმზე) აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობები, დაცემისას დაზიანებულები, ნანგრევებში დამარხულები და მერე იქედან ამოყვანილები... ამპუტირებული კიდურები - ჩვენი იმპროვიზებული საველე ჰოსპიტალისთვის ეს ყველაფერი უზარმაზარი გამოწვევაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამპუტაცია არ იყო ყველაზე რთული ოპერაცია, რაც აქ ჩატარდა - წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ აზოვსტალის ექიმები, თანაც ექსტრემალურად მძიმე და მწირე პირობებში. ისინიც ისეთივე გმირები არიან, როგორიც აზოვსტალის მცველი სამხედროები.
რატომ ვაცხადებთ უარს დანებებაზე? პირველ რიგში - გვიბრძანეს, ეს ადგილი დაგვეცვა. სხვა ბრძანება ჯერ არ მიგვიღია, მიღებულ ბრძანებას კი ვერ დავარღვევთ.
- კატეგორიულ უარს აცხადებთ იარაღის დაყრასა და დანებებაზე - ამის ერთი, მთავარი მიზეზი გვითხარით.
ილია სამოილენკო: რამდენიმეს გეტყვით, ყველა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში - გვიბრძანეს, ეს ადგილი დაგვეცვა. სხვა ბრძანება ჯერ არ მიგვიღია, მიღებულ ბრძანებას კი ვერ დავარღვევთ. მეორე - ჯერ კიდევ გვაქვს რესურსები მტრის შესაკავებლად. ეს რესურსები მწირია, მაგრამ გვაქვს და ამიტომ მორალური უფლება არ გვაქვს, ხელები ავწიოთ. მესამე - სარწმუნო ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ რუსები ჩვენი ქვედანაყოფიდან აყვანილ ტყვეებს სიკვდილით სჯიან. აპრილის ბოლოს გვქონდა ასეთი ინციდენტი - ერთ-ერთი ჩვენი მებრძოლი, მეტსახელად „დენი“ ტყვედ ჩავარდა. ჯერ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც მისი სახე და badge ჩანდა, რომელზეც სახელი-გვარი და პოლკი ეწერა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დედამისმა მიიღო შეტყობინებები რუსი სამხედროების მიერ დამხრჩვალი, თავზე ცელოფნის ჩანთაშემოკრული შვილის ფოტოებით. მარიუპოლის მცველების ცოცხლად დატოვება რუსებს არანაირად არ აწყობთ, რადგან ჩვენ მოწმე ვართ იმ სამხედრო დანაშაულებისა, რასაც ისინი სჩადიან. მეოთხე და ბოლო მიზეზი ისაა - რომ დიდი რაოდენობით სამხედროების დანებება ეს მტრისთვის გაკეთებული საჩუქარია. როგორც იდეოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური საჩუქარი. რუსებს ასეთი საჩუქარს ვერ და არ გავუკეთებთ, რათა შემდეგ უკრაინა აბუჩად აიგდონ, აბუჩად აიგდონ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. უბრალოდ არ მივცემთ მათ ამ საჩუქარს.
პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, ისევე გააკეთონ თავიანთი საქმე, როგორც დღეს ჩვენ, სამხედროები ვაკეთებთ.
- თქვენმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე უკრაინის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ზელენსკის. რა გამოსავალს ხედავთ დღევანდელი სიტუაციიდან?
ილია სამოილენკო: პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, ისევე გააკეთონ თავიანთი საქმე, როგორც დღეს ჩვენ, სამხედროები ვაკეთებთ. ჩვენ ჩვენს საქმეს დიდებულად ვართმევთ თავს - ჩვენი დანაყოფი უმკლავდება წარმოუდგენლად დიდი რიცხობრივი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რითაც ისინი „დავაბით“ და შესაძლებლობა არ მივეცით, ძალები დონეცკისკენ ან რომელიმე სხვა მიმართულებით გადაესროლათ. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკოსების საქმეში, გვესმის, რომ ეს მათი კომპეტენციაა - უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ამას პროფესიონალურად გააკეთებენ. ვფიქრობ, ხელისუფლება ჩვენთან ვალშია. რა გზებს ვხედავთ? მესამე მხარის ეგიდით, საერთაშორისო თანამეგობრობის გარანტიების ქვეშ გარნიზონის უსაფრთხო ევაკუაცია, დაჭრილებისა და ცხედრების ჩათვლით, უსაფრთხო ტერიტორიაზე - იქნება ეს უკრაინა თუ მესამე მხარე, რომელიც გარანტორის როლს იკისრებს.
ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლის დედამ მიიღო შეტყობინებები რუსი სამხედროების მიერ დამხრჩვალი, თავზე ცელოფნის ჩანთაშემოკრული შვილის ფოტოებით. მარიუპოლის მცველების ცოცხლად დატოვება რუსებს არანაირად არ აწყობთ.
რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას - 8 წლის განმავლობაში, სანამ უკრაინაში ომი მძვინვარებდა, ისინი მორალურად გამართლებულად თვლიდნენ რუსეთთან ევაჭრათ, მათი ენერგია შეესყიდათ, რუსული ეკონომიკა აეყვავებინათ. საერთაშორისო ინვესტიციები რუსულ ეკონომიკაში სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის დაფინანსება მორიგი თავდასხმისათვის. ერთადერთი, ვინც ამას გაიძახოდა წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით, და ამის გამო რადიკალებად და არაადეკვატურებად გვნათლავდნენ. ერთადერთი, რაშიც რადიკალურები ვართ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა გვსურს, რითაც სხვა ქვეყნებსაც ვიცავთ რუსული საფრთხისგან. დღეს სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საერთაშორისო საზოგადოების ვალია, ეს პრობლემა გადაჭრას - გაზარდონ ეკონომიკური წნეხი რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე, აღიარონ ის ტერორისტულ ორგანიზაციად და მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდონ უკრაინას, რომელიც დღეს ყველას ომს ომობს.
*ინტერვიუ ჩაწერილია ვაჟა თავბერიძის და კატერინა ლიხოჰლადის მიერ ბრიტანული მედიისთვის.