ბულგარეთის პრორუსული საპარლამენტო პარტიის, „აღორძინების“ წევრების და პოლიციელების ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სოფიაში, მერიის შენობასთან.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 11 მაისს, საღამოს გამართული აქციის მონაწილეებმა სცადეს მერიის შენობაზე უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აღმართული უკრაინული დროშის ჩამოხსნა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. აქციაზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვიც.
ერთი კვირის წინ, პრორუსული „აღორძინების“ წევრებმა სოფიის მერიის შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. მერიამ ახალი დროშა მალევე აღმართა. წინა აქციისგან განსხვავებით, 11 მაისს მონაწილეებს აღარ ეჭირათ რუსეთის დროშები.
ნაციონალისტური პარტია „აღორძინება“ ნატოდან და ევროკავშირიდან ბულგარეთის გასვლის მომხრეა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, „აღორძინება“ ბულგარეთის ლიბერალურ-სოციალისტურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვის ხელმძღვანელობით, ბრალს სდებს უკრაინაში „რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ბულგარეთის ჩათრევაში“ და მის გადადგომას მოითხოვს. ბულგარეთის 240-წევრიან პარლამენტში „აღორძინებას“ 13 დეპუტატი ჰყავს.