Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა გამოაქვეყნა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ჩამონათვალი


აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება კიევის აეროპორტში. 2022 წლის თებერვალი
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება კიევის აეროპორტში. 2022 წლის თებერვალი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ შეიარაღებისა, რომლითაც რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეხმარება. მათ შორისაა:

  • 1400-ზე მეტი საზენიტო კომპლექსი „სტინგერი“;
  • 5500-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“;
  • 14 000-ზე მეტი სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;
  • 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი Switchblade;
  • 121 უპილოტო საფრენი აპარატი Phoenix Ghost;
  • 90 ჰაუბიცა;
  • 200 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი;
  • Mi-17 ტიპის 16 ვერტმფრენი;
  • 200 ჯავშანმანქანა M113;
  • 7000 ერთეულზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარება 4.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ თანხიდან დაახლოებით 3.8 მილიარდის დახმარება უკრაინამ მიიღო 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრის შემდეგ.

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას უკრაინის დასახმარებლად. აპრილის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG