Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზიანებული ხიდი და სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები: იორმუღანლოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში შემავალი 8 სოფლის მოსახლეობამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ მერიას განცხადებით მიმართა. წერილს ხელს ათეულობით მოსახლე აწერს, როგორც ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, ისინი ითხოვენ იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობას და საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობას.

იორმუღანლოში მცხოვრები ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი რადიო თავისუფლებას უყვება თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხიდი და რა საფრთხეს უქმნის ის ადგილობრივებს.

„ეს არის ერთადერთი საავტომობილო ხიდი, რომელიც გარე სამყაროსთან გვაკავშირებს. ხიდი, ფაქტობრივად, ინგრევა. დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ამ ხიდით სარგებლობენ მაღალი გამავლობის ავტომანქანებიც. ამ დროს ხიდი ზანზარებს. გვეშინია ცუდი არაფერი მოხდეს. ჩემ გარშემო ყველა ამაზე ნერვიულობს. სოფელში ყოველ პარასკევს იმართება დიდი ბაზრობა და აქ მთელი კახეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ ხიდის გავლით მოდის. ხიი ძალიან დატვირთულია“, - ამბობს თოზუ გულმამედლი.

თოზუ გულმამედლი
თოზუ გულმამედლი

მისი ინფორმაციით, იორმუღანლოს თემში შემავალ 8 სოფელში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ასეულობით ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშეა დარჩენილი. გულმამედლის თანახმად, თემის ორ სოფელში მხოლოდ ორი ბაგა-ბაღია და ადგილების არარსებობის გამო, სულ ცოტა 1000 ბავშვი ბაღში ვერ დადის.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გვეუბნება, უკვე წლებია აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარი“ თემში დიდი ზომის საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს, თუმცა ამ დრომდე არც რეალური სამუშაოებია დაწყებული და არც ის იციან, რეალურად რა გეგმები აქვს კომპანიას. თოზუს თქმით, ისინი კერძო კომპანიას ბაღის მშენებლობას ვერ მოსთხოვენ, ამიტომ საგარეჯოს მერიას მოუწოდებენ, ბაღის მშენებლობის საკითხით დაინტერესდეს.

„იცით, რატომ გვინდა ბაღი გვქონდეს? სკოლაში ორენოვანი განათლების სისტემაა - ქართულ-აზერბაიჯანული. წარმოიდგინეთ, 6-7 წელი ბავშვი მხოლოდ აზერბაჯანულენოვან გარემოში იზრდება და შემდეგ პირდაპირ სკოლაში მიდის, სადაც სანახევროდ ქართულად უნდა ისწავლოს. აქედან იწყება პრობლემები. ბავშვებს ქართული საერთოდ არ ესმით. თუკი ისინი სკოლამდე ბაღში ივლიან, სადაც ასევე ორენოვანი სწავლებაა, მათ სკოლაშიც გაუადვილდებათ განათლების მიღება. აქ მხოლოდ ქართულის სწავლაზე არ არის ლაპარაკი. ბავშვები, რომლებიც ბაგა-ბაღში ვერ დადიან, შემდეგ ზოგადი განათლების მიღებაც უჭირთ“

იორმუღანლოს თემიდან საგარეჯოს მერიაში გაგზავნილ წერილში კიდევ ერთ პრობლემაზეა საუბარია. საქმე ეხება მუნიციპალურ სერვისებზე ხელმიუწვდომლობას - საგარეჯოს მერიასთან ადგილობრივი მოსახლეობა, ენობრივი ბარიერის გამო, ფაქტობრივად, ვერ ურთიერთობს.

თოზუ გულმამედლი გვეუბნება:

„საგარეჯოს მერიის ვებსაიტიც და ფეისბუქგვერდიც არის მხოლოდ ქართულენოვანი. თუ მე ქართული არ ვიცი, როგორ უნდა გავიგო საერთოდ რა სერვისები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას? დავუშვათ, მე როგორღაც მოვახერხე და გავიგე მუნიციპალური სერვისების არსებობის შესახებ, პრობლემა მაინც არის - მერიაში ვერავინ დამეხმარება, რომ ამ სერვისებით ვისარგებლო, რადგან ენობრივი ბარიერია. ვერ დავწერ განცხადებას, თუ თარჯიმანი არ დავიქირავე. ეს დამატებითი ხარჯია ჩემთვის, თუ ეს თანხა არ მაქვს, საერთოდ თავი უნდა ავანებო ყველაფერს. წლების წინ საგარეჯოს მერიაში სტაჟიორი ვიყავი და ზუსტად ვიცი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო აზერბაიჯანული თემიდან მიმართვიანობა ძალიან დაბალია“.

ხიდის დაზიანებული ნაწილი
ხიდის დაზიანებული ნაწილი

იორმუღანლოს თემის მოსახლეობას, საგარეჯოს მერიაში წერილის გაგზავნაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ენობრივი ბარიერიც იყო. როგორც რადიო თავისუფლებას, კახეთში ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა პაჭიკაშვილმა უთხრა, იორმუღანლოში სამოქალაქო საბჭოც შექმნეს, რათა მუდმივად მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება და მოითხოვონ მათი მოგვარება.

რადიო თავისუფლებამ სცადა საგარეჯოს მერიიდან ყველა იმ საკითხზე მიეღო ინფორმაცია, რომლის მოგვარებასაც იორმუღანლოს თემის მოსახლეობა ითხოვს. მერიის პრესსამსახურის გადაწყვეტილების უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ფეიქრიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა მხოლოდ საავტომობილო ხიდთან დაკავშირებით.

„ხიდთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს რათა მოხდეს მდგომარეობის შეფასება. თუ რეაბილიტაციას დაექვემდებარება, მოხდება რეაბილიტაცია, თუ ახალი იქნება ასაშენებელი, მზად ვართ ახალი ავაშენოთ“

საგარეჯოს მერიაში არ უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს: აშენდება თუ არა იორმუღანლოს თემში ახალი საბავშვო ბაღი. ასევე ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, როგორ მოაგვარებენ ენობრივი ბარიერის პრობლემას მერიის სამსახურებსა და იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება დაზიანებულ ხიდს, მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მერიას დროული რეაგირება არ ექნება, არ არის გამორიცხული, ყურადღების მიქცევის მიზნის საპროტესტო აქცია გამართონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG