Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში არავინაა ომის მომხრე და მინდა დავიცვა სახალხო დამცველი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მან, ერთი მხრივ, შეაჯამა საკითხები, რომლებიც შტატებში შეხვედრების დროს განიხილა და ასევე გამოხატა თავისი პოზიცია საქართველოში აქტუალურ საკითხებთან მიმართებით. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მედლინ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას.

„მე მინდა ერთი რამე დავამატო, რაც არ ეხება უშუალოდ სააკაშვილს. ეს ეხება საკითხებს, რაც არის ზოგადად, რაც არის საქართველოში გახშირებული თემები. მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი რაღაც "ომის პარტიაზე" საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს.

ასევე არ შეიძლება, მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რაღაც ფორმით, მიდის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზეც აქ არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი არავის როლი არ არის, რომ შევქმნათ ეჭვები გარეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. რამეთუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამ საკითხებზე საუბარი მისი შეხვედრების ფორმატში არ ყოფილა თუმცა, განმარტა თავისი პოზიცია.

„ყველაფრით, რაც რაღაცნაირად ქმნის უხერხულობას, გაუგებრობას, დაძაბულობას თბილისსა და კიევს შორის, სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი, ჩვენი დაცულობა არის ერთად ყოფნაში. გამოვიჩინოთ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენ, უკრაინა, მოლდოვა. ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებიც არ შედიან არც ნატოში და არც ევროკავშირში და გვმართებს, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ სოლიდარულები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, „ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“. კობახიძემ დაამატა, რომ სახალხო დამცველიც არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია".

ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა:"ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ვემსახურები."

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში, ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

XS
SM
MD
LG