2022 წლის 18 სექტემბერს 8 წელი გავა მას შემდეგ, რაც საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა. პროკურატურამ თითქმის რვა წლის შემდეგ წაუყენა სამ კაცს ბრალი ჯგუფურად სქესის ნიშნით ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისთვის.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ, სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს", - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდების მიხედვით, 2014 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს.
"სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ", - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. უწყებაში არ აკონკრეტებენ ბრალდებულებისთვის მოითხოვენ პატიმრობას თუ გირაოს შეფარდებას.
სამივე კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:
- 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ);
- 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით).
მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აქტივისტები ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. ისინი მართავდნენ აქციებსაც.
2021 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა.