უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის არმია მზად არის რუსული ძალების მიერ მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიიდან სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის და დნესტრისპირეთში მყოფი რუსი სამხედროების არ ეშინიათ.
მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიმართ კიევის პოზიციის შესახებ ჟურნალისტებმა ზელენსკის 26 აპრილს, ღამით ჰკითხეს პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ზელენსკის თქმით, დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს რუსეთი, რომელიც ამით მოლდოვას აჩვენებს, რომ თუ მხარს უკრაინას დაუჭერს, სხვა ნაბიჯებიც იქნება.
უკრაინასთან მოსაზღვრე მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 აპრილს გამოაცხადა „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე“ და ეს იმით ახსნა, რომ ორი დღის განმავლობაში „ტერორისტული შეტევები“ განხორციელდა ტირასპოლში, ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაზე, სოფელ მაიაკის მახლობლად მდებარე რადიოცენტრსა და სოფელ პარკანის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკის მეთაურმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ „ტერორისტული შეტევების კვალი უკრაინისკენ მიდის“.
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა ჯერ კიდევ 25 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყეს მზადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებული „აფეთქებებისთვის“, რათა გაამართლონ უკრაინის წინააღმდეგ ომი და სეპარატისტული რეგიონი საბრძოლო მოქმედებებში ჩაითრიონ.
26 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისი დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დააკისრა შიდა დაპირისპირებულ ძალებს. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სიტუაციის დესტაბილიზაციით დაინტერესებულ სხვადასხვა ძალას შორის, რაც მოლდოვისთვის რისკებს ქმნის. როგორც სანდუმ თქვა, გმობენ ნებისმიერ პროვოკაციას და მოლდოვის ჩათრევის მცდელობებს ისეთ ქმედებებში, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მშვიდობას ქვეყანაში.
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო.