Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დელიმხანოვს მიანიჭა რუსეთის გმირის წოდება


ადამ დელიმხანოვი(მარცხნივ" და რამზან კადიროვი. 2019 წლის აპრილი
ადამ დელიმხანოვი(მარცხნივ" და რამზან კადიროვი. 2019 წლის აპრილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა დუმის დეპუტატს, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოეს თანამოაზრეს, ადამ დელიმხანოვს.

პუტინის განკარგულებით, რომელიც დღეს, 26 აპრილსაა ხელმოწერილი, დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „სიმამაცისა და გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინა სპეციალური სამხედრო ოპერაციისას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე“.

აპრილის დასაწყისში, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ადამ დელიმხანოვი „პირადად აკონტროლებს სიტუაციას მარიუპოლში". 21 აპრილს, კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სხვა ჩეჩნების გარემოცვაში მყოფი დელიმხანოვი ამბობს, რომ „მარიუპოლის განადგურების და წმენდის ოპერაცია, შეიძლება ითქვას, დასრულებულია“. 21 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს".

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, რომელიც მანამდე უკრაინაში, მარიუპოლის ტერიტორიაზე ნახეს, დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხმა "ოპერატიულმა რეპორტაჟებმა" გამოაქვეყნა, საავადმყოფოში გერემეევს ესტუმრნენ კადიროვი და დელიმხანოვი.

რამზან კადიროვთან ერთად, ადამ დელიმხანოვი მიჩნეულია ჩეჩენი უფლებადამცველების, აქტივისტების და რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ მუქარის, რეპრესიების და ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზატორად.

XS
SM
MD
LG